ახალი ამბები

წესების დარღვევისთვის “ფაბრიკის” ტერიტორიაზე ობიექტები დააჯარიმეს

15 ივნისი, 2020 • 2013
წესების დარღვევისთვის “ფაბრიკის” ტერიტორიაზე ობიექტები დააჯარიმეს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული წესების დარღვევისთვის 16 ობიექტი დააჯარიმა, რომელთა შორის არიან თბილისში, “ფაბრიკის” ტერიტორიაზე არსებულის კვებისა და გასართობი ობიექტები. დაჯარიმებულთა ნაწილი ჯარიმებს უსამართლოს უწოდებს და მათ გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ორი თვის განმავლობაში მათ 11 400 კომპანია შეამოწმეს და სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები გასცეს, რათა ბიზნესს მუშაობა განეახლებინა. როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში 26 კომპანია შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან 16-მა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

“თითოეულმა თქვენგანმა სოციალური ქსელების საშუალებით ნახა  ის ფოტო-ვიდეოკადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს იყო იმ სტანდარტების და თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ ჩვენ. სწორედ ამიტომ, პარასკევს და შაბათ-კვირის განმავლობაში განხორციელდა ინსპექტირებები ასეთი ტიპის ობიექტებზე”, – თქვა ბექა ფერაძემ 15 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დაჯარიმება “არ არის თვითმიზანი”, თუმცა ეს აუცილებელია პრევენციისთვის, “რადგან აზრს კარგავს ყველანაირი ძალისხმევა და რეგულაცია, თუ საზოგადოებას და თითოეული ადამიანის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე”.

როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, ის მეწარმეები, რომლებიც ემორჩილებიან შეზღუდვებს, არათანაბარ მდგომარეობაში ვარდებიან იმ ობიექტებთან შედარებით, რომლებიც წესებს უგულებელყოფენ.

დაჯარიმებულ 16 დაწესებულებას შორის არის “ფაბრიკის” ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები: “თონე”, “წიბახა” და “მულენი”. მათი წარმომადგენლები ჯარიმებს უსამართლოდ მიიჩნევენ და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

“ჩვენ დაგვაჯარიმეს ბიუროკრატიული წესების დარღვევის გამო და არა იმიტომ, რომ რეალურად არ ვიცავდით უსაფრთხოების წესებს. დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული წესები, რომ შესვლისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ დეზობარიერი, თუმცა ეს დეზობარიერი ისეა დაფენილი, რომ აუცილებლად ჩაადგამ ფეხს.

გვითხრეს, რომ უნდა წარმოგვედგინა საბუთი, რომ ვატარებთ დეზინფექციას, რომელიც რეალურად მქონდა, უბრალოდ, სახლში, და ვუთხარი, მეორე დღეს, დილას მოვიტანდი, რადგან უკვე ღამის 2 საათი იყო და ადგილზე არ მქონდა ეს დოკუმენტი. მათ ეს არ გაითვალისწინეს. ასევე დაგვაჯარიმეს, რადგან ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან არ გვქონდა ინსტრუქცია გამოკრული, რომელზეც უნდა ყოფილიყო აღწერილი რეცხვის წესები, რამდენ გრადუსზე უნდა გაგვერეცხა და ასე შემდეგ, რომელსაც რეალურად ვასრულებდით, უბრალოდ, ინსტრუქცია არ გვქონდა გამოკრული”, – განმარტა ნეტგაზეთთან საუბარში კაფე “თონის” მფოლებლმა ნატო მახალდიანმა.

მისი თქმით, ამ თანხის გადახდას კვების ობიექტი ვერ მოახერხებს, რადგან მათთვის ეს იმდენად დიდი მასშტაბისაა, რომ “ფაქტობრივად, დაკეტვას ნიშნავს”.

კაფე “მულენის” მენეჯერის, თამარ ვაშაკიძის თქმით, “თონის” მსგავსად, ჯარიმის გადახდა მათთვისაც რთული იქნება, რადგან ბოლო პერიოდში მათი შემოსავლები მკვეთრად შემცირდა:

“ჩვენ საგანგებო მდგომარეობისას სრულად არ დაგვიკეტავს ობიექტი, გვქონდა მიტანის სერვისი, თუმცა შემოსავლები მაინც შემცირებული იყო. ჯარიმას რაც შეეხება ,მის გასაჩივრებას ვაპირებთ, რადგან უსამარლოდ მიგვაჩნია მიზეზები, რატომაც დაგვაჯარიმეს”, – განმარტა “მულენის” მენეჯერმა ნეტგაზეთთან.

მისი განმარტებით, ის სამი მიზეზის გამო დააჯარიმეს:

“ერთ მაგიდასთან გვყავდა 8 სტუმარი, მაგრამ გავაფრთხილეთ და მხოლოდ 6 მათგანი იჯდა, 2 კი ფეხზე იდგა. ამაზე გვითხრეს, რომ ვარღვევდით რეგულაციებს. ასევე დაგვაჯარიმეს დეზობარიერთან და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარასთან ინსტრუქციების არქონისთვის. თურმე უნდა დავუდასტუროთ, რომ 45 გრადუსზე მეტად არის წყალი ცხელი ჭურჭლის გარეცხვისას, რაც არ ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეზომა. სხვა დანარჩენს ვასრულებთ, რაც ვირუსის პრევენციას რეალურად უწყობს ხელს”, – განმარტა ვაშაკიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეზობარიერთან ინსტრუქციის არქონის გამო დააჯარიმეს სამაგიდო თამაშების კლუბი “წიბახაც”. მისი მფლობელის, გიგა წიბახაშვილის თქმით, დაჯარიმების მიზეზი გახდა დოკუმენტის არქონაც, რომელიც დაადასტურებდა, რომ თანამშრომლებს ინსტრუქციები ჩაუტარდათ:

“თანამშრომლებს ტრენინგები გახსნის წინ ჩავუტარეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამის დამადასტურებელი საბუთი უნდა გვქონოდა. საბუთი კი უნდა ყოფილიყო “ვორდში” დაწერილი დოკუმენტი, რომელზეც ხელს მოაწერდნენ თანამშრომლები, რომ ნამდვილად ჩაუტარდათ ტრენინგები. ამასთან, გვითხრეს, რომ უნდა გვქონოდა სამი ნიჟარა, ერთი- ბოსტნეულისთვის, ერთი- ხორცისთვის და ერთი -ჭურჭლისთვის. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ორი. ვერ ვხვდები, რა შუაშია ეს კორონავირუსთან”, – უთხრა წიბახაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სხვა კვების ობიექტების მსგავსად, ჯარიმის გასაჩივრებას ისიც გეგმავს. როგორც ის ამბობს, ორთვიანი იძულებითი დახურვის შემდეგ მთელი რესურსი ობიექტის გახსნას მოანდომეს და მათთვის ჯარიმის გადახდა შეუძლებელია.

“მცირე ბიზნესები ვართ, ყოველდღიური გამომუშავებული ფულით ვცხოვრობთ და შეიძლება ამ ჯარიმის თანხამ სერთოდ გაგვაკოტროს”, –  ამბობს წიბახაშვილი.

16 ობიექტის დაჯარიმებას არ ეთანხმება საქართველოს რესტორატორთა ასოციაციაც, რომლის წარმომადგენლის, შოთა ბურჯანაძის თქმითაც, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის ფონზე, რომ ორი თვის განმავლობაში რესტორნები და კაფე-ბარები დაკეტილი იყო, ობიექტების პირდაპირ დაჯარიმება არ არის სწორი.

“დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, ობიექტები ერთნაირად დაჯარიმდნენ. ჩემთვის, როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლისთვის, ამ ჯარიმების საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ეს სფერო ისედაც სულს ღაფავს. ეს ხალხი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, რეალურად, ამ რეგულაციებში ბოლომდე გათვიცნობიერებული არ არის იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ გარკვევა, იმიტომ, რომ ეს ყველასთვის სიახლეა”, – უთხრა ბურჯანაძემ “ნეტგაზეთს”.

მისი განმარტებით, რესტორატორთა ასოციაცია შეთანხმებული იყო შრომის ინსპექციასთან, რომ მთავრობა ამ სფეროს დაეხმარებოდა და ითანამშრომლობდნენ მათთან, რომ ესწავლათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გახსნის შემდეგ. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ყველა დაჯარიმებულმა ობიექტმა მეორე დღესვე აღმოფხვრა ის ხარვეზი, რის გამოც დააჯარიმეს.

მისი ინფორმაციით, დაჯარიმებულ 16 ობიექტს შორის ძირითადად დააჯარიმეს “ფაბრიკისა” და “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე მდებარე რესტორნები და ბარი “პოლიტიკა”.

მთავარ ფოტოზე: “ფაბრიკა” პანდემიის დროს. ივნისი, 2020/forum.ge


რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა ობიექტები, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, რამდენიმეთვიანი იძლებითი დახურვის შემდეგ ივნისის დასაწყისში გაიხსნა. თითოეული ასეთი ობიექტი ვალდებულია, დაიცვას დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ.

კორონავირუსი: რა წესების დაცვა მოგვიწევს რესტორნებსა და კაფეებში?

მასალების გადაბეჭდვის წესი