ახალი ამბები

შევარდნაძის დროიდან არ მახსოვს, ბიუჯეტის შემოსავლების 54% ვალი და გრანტი იყოს – გოცირიძე

15 ივნისი, 2020 • 762
შევარდნაძის დროიდან არ მახსოვს, ბიუჯეტის შემოსავლების 54% ვალი და გრანტი იყოს – გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძის დროიდან არ ახსოვს, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი საგარეო და საშინაო ვალით იყოს ფორმირებული. ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

“არ მახსოვს, საქართველოს ისტორიაში შევარდნაძის პერიოდს რომ ეძახდნენ, იმ დროიდან მოყოლებული ბიუჯეტის შემოსავლების 54% ვალითა და გრანტით ყოფილიყო ფორმირებული. იმ პერიოდის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკის სესხებითა და გრანტებით დგინდებოდა, თუმცა, მხოლოდ 46% ყოფილიყო ბიუჯეტის დაფინანსების საკუთარი წყარო, ასეთი რამ არ მახსოვს. შესაძლოა, რაღაც პრეცედენტი ერთხელ ან ორჯერ მოხდა, მაგრამ ლარის შემოღების შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. 16 მილიარდლარიან ბიუჯეტში 8 მილიარდი ლარი საგარეო და საშინაო ვალია. 560 მლნ ლარი გრანტია, ანუ მთელი ბიუჯეტის 54% ფორმირებულია ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ამას უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტზე”, – ამბობს გოცირიძე.

9 ივნისს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოზიდული დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის სესხი, შესაძლოა, მთავრობამ წელსვე არ დახარჯოს. რადგან ამ მოცულობის სესხის აღება მთავრობამ უფრო ცუდი სცენარის მოლოდინის გამო გადაწყვიტა, შესაბამისად, თუ პანდემიური ვითარება არ გართულდება, საგარეო ვალის ნაწილი 2021 წელს დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი