ახალი ამბები

პირველ კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების გადაადგილება 8.6%-ით შემცირდა

15 ივნისი, 2020 • 1268
პირველ კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტების გადაადგილება 8.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი.

საქსტატის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ვიზიტორების 32.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგონზე.

კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო მიმოსვლა 24 მარტს შეწყდა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგა, საქართველოს რკინიგზამ კი მგზავრების გადაყვანა დღეს, 15 ივნისს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი