ახალი ამბებიხელოვნება

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს

13 ივნისი, 2020 •
ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მცხოვრები მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დასახმარებლად იუტუბზე ონლაინ-კონცერტს გამართავს.

„ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე, შევუერთდე საართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში Covid-19-ის კრიზისის პერიოდში“, – ამბობს ქეთი მელუა ტვიტერზე ვიდეომიმართვაში.


კონცერტი, რომლის მიზანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, 27 ივნისს, შაბათს პირდაპირ ეთერში გადაიცემა იუტუბზე, შემდეგ ბმულზე:

ქეთი მელუამ ფეისბუკზე ჩამოწერა „წითელი ჯვრის“ არაერთი დამსახურება საქართველოში, მათ შორის პანდემიის პირობებში, მაგალითად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრების სიახლოვეს მცხოვრები ხანშიშესული მოსახლეობის დახმარება და ა.შ..

11 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გორში, წითელი ჯვირს საზოგადოების ფილიალში ვიზიტისას განაცხადა, პანდემიის პირობებში წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 70 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა საქართველოს მასშტაბით.

ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო და უკვე 7 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ახალი ალბომის გამოშვება 2020 წელსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი