ახალი ამბები

პროფსასწავლებლებში ჩარიცხულებისთვის ჯარის გადავადებას მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტრო

12 ივნისი, 2020 • 1196
პროფსასწავლებლებში ჩარიცხულებისთვის ჯარის გადავადებას მხარს უჭერს  თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამინისტრო მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას შეძლებენ.

როგორც დღეს, 12 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, განათლების სამინისტრო კანონში შესატან ცვლილებებს ამზადებს კიდეც:

“ჩვენი უწყება ოფიციალურად დაეთანხმა განათლების სამინისტროს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარს ვუჭერთ და თანახმა ვართ, რომ აღნიშნული პროფესიულ სასწავლებლებსაც შეეხოს. როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო უახლოს პერიოდში კანონში შესაბამისი ცვლილებას შეტანას  გეგმავს”.

პროფესიულ სასწავლებლებზე ღარიბაშვილს კითხვა გუგული მაღრაძემ დაუსვა. მისი თქმით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებით ვერ სარგებლობენ. მაღრაძეს მიაჩნია, რომ კანონში ცვლილებები დროულად უნდა შევიდეს, რათა ამ სტუდენებსაც ჰქონდეთ ჯარში სამსახურის გადავადების შესაძლებლობა.

“პროფესიულ სასწავლებელში შესვლა სკოლადამთავრებულებისთვის გარკვეულწილად შეფერხებულია, რადგან ისინი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან განსხვავებით, [სამხედრო სამსახურის] გადავადებით ვერ სარგებლობენ. აქ საუბარია ორ-სამ წლიან სერიოზულ პროფესიულ სასწავლებლის პროგრამებზე. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დროულად მივიღოთ ეს… ანუ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს გადაუვადდეთ სამხედრო სამსახური,” – განაცხადა მაღრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი