ახალი ამბები

“დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია ხელისუფლება, ეკლესია, ჯარი, პოლიცია”

12 ივნისი, 2020 • 1585
“დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია ხელისუფლება, ეკლესია, ჯარი, პოლიცია”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც მისი განცხადებით, ქვეყნის შიგნით არსებობს და “უპასუხისმგებლო ქმედებებით მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლების  და საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუციების დასუსტება” აქვს მიზნად დასახული.

ღარიბაშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუტების არსებობა, როგორიცაა ეკლესია, ჯარი და პოლიცია:

“გარე საფრთხეების გარდა, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დესტრუქციული ძალების გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლების და საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუციების დასუსტება.

დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის, ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებეზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლიდერები და ინდივიდები” ,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც როგორც უწყების, ასევე პირადად მისი იმიჯის დაკნინებას და სამხედრო სულისკვეთების დასუსტებას ემსახურება.

ამ კუთხით ღარიბაშვილი საფრთხეს ხედავს ევროატლანტიკურ უწყებებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესშიც, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს ძალები დამატებით ბარიერებს უქმნიან ქვეყანას ამ გზაზე:

“ასევე გაქტიურდა და ბოლო პერიოდში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების, დისკრედიტირების კამპანია. მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას. რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმებსაც იძენს. სამხედრო ფორმების, ფეხსაცმლის, კვების, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო სხნარის შეძენის საკითხებით მანიპულირებენ.

ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება. აღნიშნული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის ძალების მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი მაღალი ეფექტურობის რეაგირების გამოვლენის ფონზე. დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება.

საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანია მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახლემწიფო ინსტიტუტის, იმიჯის დაკნინება, რაც იწვევს, საბოლოო ჯამში, საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის, ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი საფრთხეების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძირითადი სტრატეგიული ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირება. ასევე აცხადებს, რომ მსგავს ძალებს დაბალი რეიტინგი აქვთ და პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მათ ქმედებებში მეტ რადიკალიზმსა და სიხისტეს მოელის:

“საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების ფართო სპექტრის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი სტრატეგიული ფასეულობების და ღირებულებების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირების მაღალ ხარისხს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დესტრუქციული ძალები ცდილობენ ჩვენი მთავრობის ეფექტურობის იმიჯის, საზოგადოების აზრის კონსოლიდირების და რეალურად დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტირებას. დაწყებულია და ძლიერდება სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციის ლეგენდით, რეალობაში კი ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობის სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი.

რეალურად, აღნიშნული დექსტრუქციული ძალების გაერთიანება მათი ძლიერი ეკლექტიზმი და მათი წევრების რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიური და პიროვნული პლატფორმების შეკავშირება მხოლოდ ძალაუფლების მოხვეჭის მიზნით არის განპირობებული. ამ პროცესში ჩვენ ვაწყდებით აღნიშნული დესტრუქციული ძალების მხრიდან პროცესის სხვადასხვა სახით მხარდაჭერის ღონისძიებებს. დაბალი რეიტინგის ფონზე, მათი პოლიტიკური ამბიციის დასაკმაყოფილებლად მათ ქმედებებში მოსალოდნელია მეტი რადიკალიზმის და სიხისტის გამოვლინება” ,- ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი