ახალი ამბები

რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი – ღარიბაშვილი საქართველოს მთავარ საფრთხეებზე

12 ივნისი, 2020 • 1317
რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი – ღარიბაშვილი საქართველოს მთავარ საფრთხეებზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარალემენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით გამოდის. თავის სიტყვაში ღარიბაშვილი საქართველოს მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, მათ შორის, რუსულ ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომს ახსენებს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. ჩვენი წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობად მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.

შავი ზღვა – კავაკასიის რეგიონზე დემოკრატიულ სამყაროს წვდომისთვის ჩვენს ქვეყანას გააჩნია კრიტიკული მნიშვნელობა. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე, როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას.

შავი ზღვა -კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე, საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები მნიშვნელოვნად ართულებს დასავლეთზე სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7 და მ3-4 ბაზები, და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

გარდა ამისა, რეგიონში არსებული ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა, ასევე სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას“, – ამბობს ღარიბაშვილი.

რაც შეეხება შიდა საფრთხეებს, თავდაცვის მინისტრი ჰიბრიდულ ომს ასახელებს, რა დროსაც ასევე გამოიყენება ინფორმაციული და პროპაგანდისტული საშუალებები.

„შიდა საფრთხეებიდან განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ჰიბრიდული მოქმედებები, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. მოწინააღმდეგე საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სულ უფრო ხვეწს ჰიბრიდული ომის წარმოების ელემენტებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებით“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი