ახალი ამბები

არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები მაჩალიკაშვილის საქმეში? – EMC-ის შეფასება

12 ივნისი, 2020 • 1169
არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები მაჩალიკაშვილის საქმეში? – EMC-ის შეფასება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კრიტიკულად აფასებს პანკისის სპეცოპერაციისას  მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით მიმდინარე გამოძიებას და მისი ძირითადი გარემოებების ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებს.

ორგანიზაციის თქმით, უწყება სხვადასხვა გზით ცდილობდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და მისი სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კრიტიკისა და სოლიდარობის შესუსტებას უწყობდა ხელს.

“აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი არსებითად ახალი ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელსაც მანამდე სუსი და ზოგიერთი მედია თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად საჯარო პოზიციონირების დროს არ იყენებდა”, – აღნიშნავს EMC.

ორგანიზაცია იმ ძირითადი გარემოებებზე საუბრობს, რომელთა მიხედვითაც სუსი თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე მსჯელობდა, და კრიტიკულად განიხილავს მათ:

  • დაურეკა თუ არა აჰმედ ჩატაევმა თემირლან მაჩალიკაშვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას?

სუს-ის თქმით, მაჩალიკაშვილს ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს მებრძოლმა აჰმედ ჩატაევმა დაურეკა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 28 ოქტომბერს უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

სუს-ის მტკიცებით, 29-ით დაბოლოებული ნომერი, რომელსაც ჩატაევი დაუკავშირდა, რეგისტრირებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე, შესაბამისად, მაჩალიკაშვილს ან სატელეფონო კავშირი ჰქონდა ჩატაევთან, ან ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირებს გადასცა მობილური ნომრები და ამით უჭერდა მხარს ტერორიზმს.

EMC-ის თქმით, “საქმის მასალებში მოიპოვება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის მაჩალიკაშვილის მიერ აღნიშნული ტელეფონის ნომრით სარგებლობისა და, მით უფრო, ჩატაევთან სატელეფონო კავშირის შესაძლებლობას”. კერძოდ, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს  მობილური ტელეფონის უნიკალურ ნომერზე[იმეი კოდზე], რომელიც უცვლელია ტელეფონში ნებისმიერი სიმბარათის გააქტიურებისას.

“XXX XXXX29 ნომერი რეგისტრირებულია მაჩალიკაშვილის სახელზე, თუმცა მისი პირადი ნომრის ნაცვლად მითითებულია სხვა პირის პირადი ნომერი (ჩვენთვის არ არის ცნობილი, ვისი და ეს არც გამოძიებას დაუდგენია). ამასთან ერთად, დასტურდება, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი სხვადასხვა დროს მოთავსებული იყო სხვადასხვა იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში და უშუალოდ 2017 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც სუს-ის განმარტებით ჩატაევმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, აღნიშნული ნომერი მოთავსებული იყო 356100061510250 იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში და აღნიშნული იმეი კოდი არ შეესაბამება მაჩალიკაშვილის ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული არცერთი მობილური ტელეფონის (რომლებიც 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო) იმეი კოდებს”.

EMC ასევე აცხადებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მაჩალიკაშვილის მიერ აღნიშნული ნომრის შეძენისა და ვინმესთვის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, არ მოიპოვება ინფორმაცია, ვის ან როდის გადასცა აღნიშნული ნომერი მაჩალიკაშვილმა.

“ამასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მობილური ტელეფონის ნომრები ხშირად ქუჩაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, იყიდებოდა, შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნომერი რეგისტრირებული იყო მაჩალიკაშვილის სახელზე, არ მიუთითებს უშუალოდ მისი მხრიდან შეძენაზე”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

  • ირიცხებოდა თუ არა მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხები ჩატაევის გარემოცვაში მყოფი პირების მიერ?

გამოძიების თანახმად, მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომერი აღმოაჩინეს ბერი სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში და მის ანგარიშზე თანხას ჩატაევის გარემოცვიდან რიცხავდნენ. თუმცა, EMC-ის თანახმად, საქმის მასალებში არ დევს ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულს განამტკიცებს:

“საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაჩალიკაშვილის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს “თი ბი სი” ბანკიდან და ბანკის 2018 წლის 8 იანვრის წერილის თანახმად, მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები თითქოსდა აღმოჩნდა ბერი სალოსის გამზირზე, №49 ბინაში, არ ფიქსირდება ტრანზაქცია და ამავე დროს არ არის განხორციელებული ფულადი გზავნილები”, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მიმართა პროკურატურას და ითხოვა ინფორმაცია ამ ანგარიშის მიღმა მაჩალიკაშვილის სახელზე სხვა ფულადი გზავნილების არსებობის შესახებ, თუმცა უწყებამ უარი თქვა დამადასტურებელი მტკიცებულების გაცნობაზე იმ მოტივით, რომ საქმეზე კვლავ გრძელდებოდა ინტენსიური გამოძიება და ამ მასალების წარდგენა მესამე პირისთვის ვერ მოხდებოდა.

  • მაჩალიკაშვილის შ. ბორზიევთან, ა. სოლტახმადოვთან ცხოვრებისა და მობილური ტელეფონების შეძენის ფაქტი

სუს-ის განმარტებით, მაჩალიკაშვილმა თბილისში, ვარკეთილში იქირავა ბინა და 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას დაკავებულ და ლიკვიდირებულ შ. ბორზიევთან და ა. სოლტახმადოვთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ. გამოძიების ვერსიით, 2017 წლის 10 ნოემბერს მაჩალიკაშვილი მათ მობილური ტელეფონების შეძენაშიც დაეხმარა. სუს-ის თანახმად, მაჩალიკაშვილის მობილურში მისი ფოტოებიც აღმოაჩინეს ბორზიევთან და სოლტახმადოვთან ერთად.

EMC-ის თქმით, ეს გარემოებები თავისთავად არ მიუთითებს მაჩალიკაშვილს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რამდენადაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირის მხრიდან იმის გაცნობიერება, რომ თავისი მოქმედებით ეხმარებოდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს.

“ამ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით, მათ შორის ბინის მეპატრონის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბინა არა თემირლან მაჩალიკაშვილმა, არამედ რამაზ მარგოშვილმა (რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული პირი და მაჩალიკაშვილების კარის მეზობელი და ახლობელია) იქირავა და მას ქირას ეს უკანასკნელი უხდიდა, და მხოლოდ ერთი-ორჯერ რ. მარგოშვილმა ქირა მას თემირლან მაჩალიკაშვილის მეშვეობით გადასცა”, – წერს EMC.

ორგანიზაცია მიმოიხილავს ამ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების მიზეზებსაც. კერძოდ, EMC-ის თქმით, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არც არასდროს უარყვიათ მისი ცხოვრების ფაქტი რამაზ მარგოშვილის ნაქირავებ ბინაში, “რომელიც რაღაც პერიოდი დაემთხვა ამავე სახლში რამაზ მარგოშვილის სტუმრების – შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის ცხოვრების ეპიზოდს”. ორგანიზაციის თქმით, თავად ოჯახი ამბობს, რომ:

“ვინაიდან მაჩალიკაშვილი თბილისში სწავლობდა და გადატანილი თვალის ოპერაციისა და მასთან დაკავშირებული მძიმე ფინანსური ხარჯების გამო არ ჰქონდა ბინის ქირის გადასახდელი თანხა, ოჯახი დათანხმდა რ. მარგოშვილის შეთავაზებას, რომ მაჩალიკაშვილს რამდენიმე თვე, გამოცდების დასრულებამდე, ბინაში ეცხოვრა.

კერძოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით დგინდება, რომ მან 2016 წლის ნოემბრის თვეში გაიკეთა თვალზე ოპერაცია და რეაბილიტაციის შემდგომ დაიწყო რ. მარგოშვილის ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, რა დროსაც, დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში, ამავე ბინაში ცხოვრობდნენ ა. სოლტახმადოვი და შ. ბორზიევი.

2017 წლის მაისის თვეში მაჩალიკაშვილმა დატოვა ვარკეთილში არსებული ბინა და სექტემბრის თვეში ცხოვრება, ორ თანასოფლელთან ერთად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში გააგრძელა”.

EMC მაჩალიკაშვილის ოჯახზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბორზიევი და სოლტახმედოვი სრულიად სხვა სახელებითა და ისტორიით გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის -პანკისში.  მათ ყველა იცნობდა, როგორც ჩეჩნეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის რეჟიმთან ჰქონდათ პრობლემები. შესაბამისად, ორგანიზაციის აზრით, ამგვარი ურთიერთობების დანაშაულებრივ ფაქტად განხილვა არასწორია.

  • მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონში აღმოჩენილი მასალების შეფასება

სუს-ის განმარტებით, მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმთან მხარდაჭერას აგრეთვე ადასტურებს მის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. კერძოდ, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მეგობარ გოგონასთან მიმოწერა, შ. ბორზიევის ფოტო, სადაც ეს უკანასკნელი “ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზეა გამოსახულ,ი და ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული ფოტო/ვიდეომასალა.

სუს-ის შეფასებით, მეგობარ გოგონასთან, ზ.ქ-თან მიმოწერის დროს მაჩალიკაშვილი საუბრობდა ე.წ. “ისტიშხადის“(თვითლიკვიდაცია) განხორციელებაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდგომ კი მას უთხრა, რომ იცნობდა შ. ბორზიევს, ა. სოლტახმადოვს, იცოდა, რომ ისინი სირიაში იბრძოდნენ და ქართველ სამართალდამცავებს უბრძოლველად არ ჩაბარდებოდნენ. პროკურატურისა და სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დაკითხვის დროს დაადასტურა მაჩალიკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზ.ქ-მ და აღწერილია მისი დაკითხვის ოქმში.

EMC-ის თქმით, საქმის მასალებში ნამდვილად მოიპოვება მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონასთან, ზ.ქ-თან და სხვა პირებთან, თუმცა ორგანიზაციისთვის გაზიარებულ მასალებში არ დასტურდება, რომ ამ კომუნიკაციაში მაჩალიკაშვილი შ. ბორზიევსა და ა. სოლტახმადოვზე საუბრობდა.

მაჩალიკაშილის მეგობარი გოგოს დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ საუბარი მასსა და მაჩალიკაშვილს შორის ბერ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით “ვოთსაფის” მეშვეობით შედგა, თუმცა საქმის მასალებში ეს მიმოწერა არ მოიძებნება.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ტელეფონში აღმოჩენილ შ. ბორზიევის ფოტოს, EMC აღნიშნავს:

“საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ფოტო წარმოადგენს “ინსტაგრამზე” განთავსებული ფოტოს “სქრინშოტს” და მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში ატვირთულია 2017 წლის 24 და 25 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს შ. ბორზიევი და გასაჯაროვდა მის შესახებ ინფორმაცია”.

ორგანიზაცია მაჩალიკაშვილის მიმოწერის დროს ტერმინ “ისტიშხადის” გამოყენებასა და მის მობილურში ISIS-ის პროპაგანდისტული მასალების არსებობაზე საუბრისას თარგმანის ხარისხსა და კონტექსტის პრობლემაზე საუბრობს:

“აღნიშნული ლაპარაკი მეგობარ გოგოსთან თემირლანის დაკავების ოპერაციამდე 1 დღით ადრე შედგა და ის ვიდეოს გარჩევას უკავშირდებოდა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი თვითირონიითა და არასერიოზულად ლაპარაკობს “ისტიშხადზე“.

ამგვარი განცხადება სოციალური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს და ცალკე კომპლექსური განხილვა სჭირდება, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი ბერი სალოსის ქუჩაზე უკვე ჩატარებული ოპერაციისა და ამ მსჯელობის კონტექსტის გათვალისწინებით დანაშაულების მომზადების ან მისი ჩადების სერიოზულობის დამადასტურებელ გარემოებად არ შეიძლება მივიჩნიოთ”.

  • “გამოძიებამ არ უპასუხა ლეგიტიურ კითხვებს”

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანკისის სპეცოპერაციისას გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შეფასების ნაცვლად, მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება უსაფუძვლოდ დახურეს და არ უპასუხეს საქმეში დაგროვებულ ლეგიტიმურ კითხვებს, ეჭვებსა და კრიტიკას.

“ამ ფონზე სუსი მუდმივად ცდილობდა მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას, მის ტერორიზმთან კავშირში განხილვას და ამ გზით მისი სიცოცხლის ფასის დაკნინებას. თუმცა 2 წლის შემდეგ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ეს ინფორმაცია საეჭვო, არასათანადოდ შესწავლილი და არაზუსტია და მთლიანობაში სათანადო დასაბუთების სტანდარტით მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს”, – წერს EMC და დასძენს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ კიდევ უფრო გააღრმავა ისედაც არსებული უნდობლობა სამართალდამცავი უწყებების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი