ახალი ამბები

ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში ენმ და “ევროპული საქართველო” არ დაესწრება

12 ივნისი, 2020 • 1188
ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში ენმ და “ევროპული საქართველო” არ დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლაენტში არ დაესწრებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, პარტიას მასთან არანაირი კითხვები არ გააჩნია:

“ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით, როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა.

კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ. ამიტომ, ამ პირობებში რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

მსგავსი პოზიცია აქვთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

“ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში და  არ დავესწრებით მის გამოსვლას. მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, როდესაც თქვა, რომ პარლამენტში მოსვლისას ის არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს. ეს შეიძლება შეფასდეს კონსტიტუციის დარღვევადაც, ვინაიდან ინტერპელაცია, ანუ დაბარება პრემიერის თუ მინისტრის, კონსტიტციურად უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ნორმაა”, – ამბობს რომ გოცირიძე “მთავართან”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს წარდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი