ახალი ამბები

ბოჭორიშვილის კლინიკის თავმჯდომარის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება – ეზუგბაია

12 ივნისი, 2020 • 1871
ბოჭორიშვილის კლინიკის თავმჯდომარის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის. მაკა სოლოღაშვილის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

ეზუგბაია Facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება მაკა სოლოღაშვილის კომენტარს ბოჭორიშვილის კლინიკის 3 მედპერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით.

“პირველი დღიდან კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ყოლია დაინფიცირებული მედპერსონალი არც გამჟღავნებულად და არც დამალულად, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა. მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო #დარჩისახლში, “მივცეთ თუ არა პლაქვენილი?!”, რაც თქვენ ასე გაინტერესებდათ ხოლმე [ჟურნალისტებს] – ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა არც სამართალდამცველი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, პაციენტს ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. სამწუხაროდ, რისკების გამო არ გვეკარებოდა არცერთი სამართალდამცავი ორგანო, ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი მედპერსონალი – ერთი ექთანი და ორი სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა”, – განაცხადა სოლოღაშვილმა 9 ივნისს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სოლოღაშვილის განცხადების ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს, მათ შორის ის, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა ერთადერთია, რომელსაც მანამდე არ ჰყოლია დაინფიცირებული მედპერსონალი “არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად”. ეზუგბაიას შეფასებით, სოლოღაშვილის ეს მინიშნება არაკორექტულია. მისივე ინფორმაციით, ოთხ COVID კლინიკას – რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს – დღემდე არა ჰყავთ არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი.

“არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს. ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს”, – წერს ეზუგბაია 11 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამოდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

“ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა”, – თქვა ეზუგბაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი