ახალი ამბები

ზახაროვას მადლობა საქართველოს რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის

11 ივნისი, 2020 • 2077
ზახაროვას მადლობა საქართველოს რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 11 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

ზახაროვას ინფორმაციით, საქართველო რუსეთს დაეხმარა რუსი მეზღვაურების ნიგერიიდან სამშობლოში დაბრუნებაში. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის მსგავსი თანამშრომლობა გამონაკლისი არ ყოფილა.

“ქართული მხარის მადლიერი ვართ რუსეთის სამი მოქალაქის, მეზღვაურების – კრეიცუსის, სივოხინისა და ორდინის – ნიგერიიდან სპეცრეისით ევაკუაციაში დახმარებისთვის. მათი კონტრაქტი დასრულდა, რეგულარული ავიამიმოსვლა რუსეთსა და ნიგერიას შორის შეწყვეტილი იყო. ქართველი კოლეგების თანხმობამ, წამოეყვანათ რუსეთის მოქალაქეები თავიანთი რეისით, მეზღვაურებს საშუალება მისცა, 7 ივნისს ლაგოსიდან თბილისში ჩასულიყვნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლები დახვდნენ და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საკუთარ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას იმყოფებიან”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, ასეთი ურთიერთთანამშრომლობა ერთჯერადი არ არის და გასულ კვირას საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა შედგა თურქეთში სამკურნალოდ წასული რუსეთის ორი მოქალაქის საქართველოს გავლით რუსეთში დაბრუნების საკითხზე, ისევე როგორც სომხეთიდან ტრანზიტით რუსეთის 173 მოქალაქე დაბრუნდა; აპრილში მხარეებმა ითანამშრომლეს კორონავირუსის პანდემიის გამო განცალკევებული რუსული ოჯახების გაერთიანების საკითხში და თვითონ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ორგანიზებაში.

“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ინტერესების სექციას მოსკოვში, ასევე, შვეიცარიის საელჩოს თბილისში, რომლებიც ეფექტურად უზრუნველყვეს მრავალი ორგანიზაციული პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული თანამშორმლობის აწყობა მოხერხდა მიუხედევად არცთუ ისე იოლი სიტუაციისა რუსეთსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სწორი მაგალითია იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობა, როდესაც საერთო უბედურების წინაშე ვდგავართ. კარგი იქნებოდა, არ დაველოდოთ შემდეგ [უბედურებას] და ყოველდღურ საფუძველზე სრულად გამოვიყენოთ ეს პოზიტიური გამოცდილება”, – განაცხადა მარია ზახაროვამ და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი თანამშრომლობა მოთხოვნადი იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც.

მარია ხაზაროვას თქმით, რუსეთი, თავის მხრივ, დაეხმარა საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიიდან დაბრუნებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი