ახალი ამბები

დეგნანი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშზე

11 ივნისი, 2020 • 997
დეგნანი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშზე

“ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია” – ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედაა დასახელებული და მისთვის სანქციების დაკისრებაა მოთხოვნილი.

დეგნანის თქმით, ის დოკუმენტს არ გასცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ რაიმე სახის განცხადება კონგრესიდან ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აკვირდებიან და ზრუნავენ მასზე.

დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს წარმაოდგენს, კონგრესი კი- საკანონმდებლოს და, შესაბამისად, მათი სახელით ვერ ისაუბრებს:

“მე არ მინახავს ეს წერილი, მოგეხსენებათ, გორში ვიმყოფები, თუმცა გეტყვით, რომ რაიმე სახის განცხადება კონგრესისგან ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და მნიშვნელოვანია მათთვის. ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანია […].

[…] ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, მე ვერ ვისაუბრებ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო შტოს სახელით, მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და უმჯობესია ამ კითხვით კონგრესს მიმართოთ”, – ამბობს აშშ-ის ელჩი.

13 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი