ახალი ამბები

კობახიძის აზრით, GOP-ის “დაბალი რანგის დოკუმენტში” კრიტიკა ენმ-ის ლობისტების გზით მოხვდა

11 ივნისი, 2020 • 992
კობახიძის აზრით, GOP-ის “დაბალი რანგის დოკუმენტში” კრიტიკა ენმ-ის ლობისტების გზით მოხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსის მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშს “დაბალი რანგის დოკუმენტს” უწოდებს.

კობახიძე ამბობს, რომ ისევე როგორც მმართველი გუნდის სხვა წევრები, მიიჩნევენ, რომ სრული დოკუმენტი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია და ჩანაწერი ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე კონტექსტიდან ამოგლეჯილია. კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაწილი დოკუმენტში ოპოზიციის ლობისტების მიერ გადახდილი თანხის დამსახურებაა.

“ასეთი ფრაზები თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვეს და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს და, ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა. თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის განცხადებაში – რიკერმა განაცხადა დაახლოებით ორი კვირის წინ, რომ არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც არის დღეს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ დოკუმენტში “ერთი ფრაზა ჩასმულია ლობისტების დახმარებით”.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომელსაც არ ჰქონია ომი და არ ჩაუბარებია ტერიტორიები რუსეთისთვის.

“ვფიქრობ, რომ დოკუმენტში ის ერთი წინადადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის დანარჩენ ტექსტთან და საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია”, – განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.


13 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი