ახალი ამბები

დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არა აქვს – ზალკალიანი აშშ-ის რესპუბლიკელების ანგარიშზე

11 ივნისი, 2020 • 1797
დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არა აქვს – ზალკალიანი აშშ-ის რესპუბლიკელების ანგარიშზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსის მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური და საკანონმდებლო ძალა არ აქვს.

ამასთან, ზალკალიანი მიიჩნევს, რომ გამოსაძიებელია, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ამ მნიშვნელოვან კვლევაში ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე ჩანაწერი.

“ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არა აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარებულია რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო დანიშნულება ამ დოკუმენტს არა აქვს. ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივცემული “რესპუბლიკელები”, მათ შორის, კონგრესმენები. აქედან სამთან მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია. ერთ-ერთმა მათგანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც კი გააკეთა ქართულ მედიასთან და აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლესი დონე. ეს ახალი არ არის და ჩვენ არაერთი მსგავსი განცხადება გვაქვს მოსმენილი, თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან, ფილიპ რიკერისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა; ისე როგორც ვიხილეთ მხარდამჭერი და ძლიერი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, თავად ამერიკელი რესპუბლიკელების კვლევაშიც აღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა.

“ეს ხომ ფაქტია და ვისი ხელისუფლების პირობებში მოხდა ეს?”, – ამბობს ზალკალიანი და ამ კონტექსტში იხსენებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და ქარტიის 10 წლის თავზე მიღებულ ერთობლივ განცხადებას, 2017 წელს ხელმოწერილ მემორანდუმს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ, თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს და სხვა.

“გავიხსენოთ თუნდაც ის, რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში და მათ შორის, ავღანეთში ოპერაციებში. 32 ქართველი ჯარისკაცი, ჩვენი თანამემამულე, არის დაღუპული ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს მოხდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერს მიჰყავს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და რუსეთისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ: ქვეყანა, რომელიც დღეს არის [ევროკავშირის] ასოცირებული წევრი; გვაქვს ასოცირების შეთანხმება, DCFTA, სავიზო ლიბერალიზაცია, უამრავი მნიშვნელოვანი რეზოლუციები, სადაც პირდაპირ არის საუბარი რუსეთის უკანონო ქმედებებზე”, – თქვა ზალკალიანმა.

მან ასევე გაიხსენა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება.

“აქედან გამომდინარე, ძალიან გულდასაწყვეტია და საერთოდ სირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყანა მიჰყვავს დესტაბილიზაციისკენ, მაშინ როდესაც არასდროს საგარეო-პოლიტიკური კუთხით და თანამშრომლობით ისეთი სტაბილური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არ ყოფილა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამატებითი კონსულტაცია გაიმართება ყველა კონგრესმენთან და აუცილებლად იქნება მოკვლეული, “როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ის ერთი აბზაცი მეტად მნიშვნელოვან კვლევაში”.

“ეს ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელია, თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა… ის ფაქტი, რომ მას პირელი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიანიშნებს, და ის გამოეხმაურებები ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ამას თარგმნიან მათ მხარდაჭერაში და არა საქართველოსი…”,- განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ის, რაც არის ნათქვამი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, გამოიყენოს შიდაპოლიტიკური პროცესებისთვის და ოპოზიციის მხარდაჭერად თარგმნოს.

“მინდა დაგამშვიდოთ ან დაგამწუხროთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში არანაირი სანქციები არ იქნება”, – დასძინა ზალკალიანმა.


13 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი