ახალი ამბები

კოალიცია: შეიქმნას კომისია რადიომაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად

11 ივნისი, 2020 • 668
კოალიცია: შეიქმნას კომისია რადიომაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტზე, რომელიც კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპვებლად კონკურსების გამოცხადებას ეხება, განცხადებას ავრცელებს და დოკუმენტს არასრულყოფილად აფასებს.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ გამოქვეყნებულ პროექტში ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რადიოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მომზადება. კოალიციის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა რადიოსექტორში პლურალიზმის შექმნის ყველაზე ლოგიკურ და საჭირო ეტაპია.

ამავე დროს, კოალიციის განცხადებით, დოკუმენტში არ არის საჯარო მითითება იმის თაობაზე, რომ რეგულირების თუ სამომავლო ცვლილებების დასახვის პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება covid19-ით გამოწვეული ცვლილებების ფონზე და აღნიშნავენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა:

“ამ ეტაპზე ჩვენ ვეყრდნობით გავრცელებულ მცირე ინფორმაციას, ასევე რადიომაუწყებლობებთან კომუნიკაციაში მიღებულ მონაცემებს, და დასაწყისშივე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ რადიოსექტორის პოზიციას. სექტორი სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათ ელოდებათ ახალი ფინანსური დანახარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმის ნაცვლად.

ვფიქრობთ, რადიოსიხშირეების საკითხებზე მსჯელობისათვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საერთაშორისო რადიოსიხშირეების მინიჭების გეგმა – ციფრული მიწისზედა ტრანსლირების ქსელისათვის რადიო და სატელევიზიო პროგრამებისათვის – Geneva 2006 (GE06) , რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ. ზონალური დაყოფის მიზანი კი ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ამოცანის შესრულებაა და არ უნდა მოხდეს ამ ინსტრუმენტის აღრევა სხვა გადაწყვეტილებებში”, – აცხადებენ კოალიციაში.

ამასთან, განცხადების ავტორების თქმით, სამწუხაროა, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილების პროცესი არ მომდინარეობს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებიდან.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ  2021 წლიდან კომისია აპირებს ახალი ზონალური დაყოფითა და ახალი პირობებით წარმართოს სალიცენზიო კონკურსები:

“მსგავსი ცვლილება მიუღებელია. კომისიის ამოცანა უნდა იყოს რადიომაუწყებლებისათვის არსებული ლიცენზიების ვადის გაგრძელება მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღამდე. გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, სახელმწიფოს აქვს დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ტელემაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დაგეგმვისას.

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დროებითი საკონსულტაციო ორგანოს- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს მუშაობას. ვამაყობთ, რომ კოლეგებთან ერთად სწორედ ამ ფორმატით გავხდი თანამონაწილე შეგვექმნა მედიაპლურალიზმი სატელევიზიო სფეროში” ,- აცხადებენ კოალიციაში.

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” სთავაზობს კომუნიკაციების კომისიას, რადიომაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დაიწყოს უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობა.

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, საანძო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო (მათ შორის,ITU ) ექსპერტების და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით:

“ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ კვლავაც მივიღოთ მონაწილეობა ამგვარი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. გვჯერა, ამგვარი დაგეგმარებით შესაძლებელი იქნება ვიზრუნოთ რადიოსექტორის გადარჩენაზე და შევუქმნათ მათ სათანადო პირობები განვითარებისათვის.

ამავე დროს, კოალიცია აუცილებლობად მიიჩნევს, კონსულტაციებისათვის პროცესში ჩაერთოს ჩვენი საიმედო პარტნიორი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – აცხადებენ კოალიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი