კომპანია “ინდიტექსი”, რომელიც ტანსაცმლის ბრენდ ზარას ფლობს, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით 1 200 მაღაზიის დაკეტვას და ონალინ გაყიდვების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
კომპანია “ინდიტექსის” წარმომადგელების განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ამ პროცესის შედეგად 1 000-დან 1 200-მდე მაღაზია დაიკეტება, ძირითადად- მცირე ზომის. ესპანური კომპანია “ინდიტექსი”, გარდა მისი ძირითადი ბრენდისა (ზარა), ფლობს ბრენდებს “ბერშკა”, “ფულ & ბეარ” და “მასიმო დუტი”.
მაღაზიების დაკეტვა ძირითადად აზიისა და ევროპის ქვეყნებში იგეგმება. “ინდიტექსის” განმარტებით, კომპანიაში დასაქმებულ ადამიანები სამსახურს არ დაკარგავენ, რადგან კომპანია ონლაინ გაყიდვების გაძლიერების ხარჯზე ამ მიმართულებით დაასაქმებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ტანსაცმლის ხაზში პანდემიის შედეგად ძლიერად დაზარალდა, მისი გაყიდვები პირველი თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით 44%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, პირველ კვარტალში კომპანიამ 409 მილიონი ევროთი იზარალა. მაღაზიების მეოთხედი კი 8 ივნისამდე დაკეტილი იყო.
ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი პირველ კვარტალში 50%-ით გაიზარდა, აპრილის თვეში კი ამ მიმართულებით წინა წელთან შედარებით 95%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
“ინტიდექსის” ახალი გეგმის თანახმად, 2022 წლისთვის ონლაინ გაყიდვები, საერთო ჯამში, 25%-ზე მეტით გაიზრდება, შედარებით დიდი მაღაზიები კი ერთგვარ მიმწოდებლად იქცევიან ონლაინ გაყიდვებისთვის. “ინტიდექსის” დამფუძნებლის, ამანსიო ორტეგას განმარტებით, 2022 წლამდე ონლაინ გაყიდვების გასაძლიერებლად 1 მილიარდი ევროს დახარჯვას და დამატებით 1.7 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს იმისთვის, რომ მაღაზიებს ჰქონდეთ უკეთესი ვებ-გვერდები, რათა უფრო სწარაფად შეძლონ პროდუქციის მიწოდება.
იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების ქართული წარმომადგენლი “რითეილ გრუპ ჯორჯია”, “ნეტგაზეთი” კომპანიის დირექტორს, რეზო მაღალაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, “ინდიტექსის” მიერ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს პირდაპირ არ შეეხება, რადგან საქართველოში ამ მაღაზიებს ფლობს როგორც “ინდიტექსი”, ასევე “რითეილ გრუპ ჯორჯია”. ესპანური კომპანია კი მის პირდაპირ მფლობელობაში არსებული მაღაზიების დაკეტვას გეგმავს:
“ამ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩვენთან მაღაზიები არ დაიკეტება, რადგან “ზარას” აქვს ათობით ათასი მაღაზია მთელ მსოფლიოში და შეიძლება 1 200 ასე მასშტაბურად ჟღერდეს, თუმცა რეალურად ბევრი არ არის. თან ეს შეეხება “ზარას” საკუთარ მაღაზიებს, თუმცა “ზარას” აქვს როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორული მაღაზიები, როგორიც ვართ ჩვენ. ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ერთობლივი ბიზნესია ზარასთან ერთად და ასეთი ტიპის მაღაზიებზე არ არის საუბარი”, – განმარტა მაღალაშვილმა.
მაღალაშვილის თქმით, საქართველოში ტანსაცმლის მაღაზიების გახსნის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე უკუსვლა შეინიშნებოდა, რაც კომპანიის წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ასე გაგრძელდება:
“ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს მაღაზიების დაკეტვის, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება 2020 წელი. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ყველა ბრენდი და მაღაზია შევინარჩუნით, მაგრამ თუ შედეგებმა ხელი არ შეგვიწყო, ჩვენც დავფიქრდებით ამ საკითხზე”, – განმარტა მაღალაშვილმა.
გარდა ამისა, მაღალაშვილის თქმით, “რითეილ გრუპ ჯორჯია” ონლაინ პლატფორმაზე გადანაცვლებასაც გეგმავს და სავარაუდოდ შემოდგომისთვის კომპანიის პროდუქციის ონლაინ შეძენაც იქნება შესაძლებელი.