ახალი ამბები

ივანიშვილი სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტია – წულუკიანი

11 ივნისი, 2020 • 1591
ივანიშვილი სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტია – წულუკიანი

იუსტციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები 2012 წელს ახსენებს. წულუკიანი განმარტავს, რომ მსგავსი “კვლევები” და “ანგარიშები” ამ პერიოდშიც მზადდებოდა, სადაც ეწერა, რომ “ქართული ოცნება” პუტინის აგენტია და ა.შ.

“ჩემთვის დასკვნა მარტივია. “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით მათ რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურეს. ისინი მარცხისთვის არიან განწირულნი. ამიტომ, ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ “ქართული ოცნება”, ჩვენი ლიდერი, ყველანი ვართ პუტინის აგენტები. ადრე ვარიგებდით მაცივრებსა და ტელევიზორებს, რათა ქართველი ხალხი გაგვეუბედურებინა, და ახლა ხელისუფლებაში დარჩენას ვცდილობით ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის სასაცილო და არასერიოზულია” ,- ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საქართველოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის გარანტია:

“ბიძინა ივანიშვილი არის… ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია. შესაბამისად, ოპოზიციისთვის და მათი ლობისტებისთვის თუ ვინმე ჟორიკაა სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო.”


ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი