ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკანონოა – მარინა კალიურანდი სომხეთ-ყარაბაღის ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე

11 ივნისი, 2020 • 1378
უკანონოა – მარინა კალიურანდი სომხეთ-ყარაბაღის ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე მომუშავე სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის მარინა კალიურანდი, უკანონოს უწოდებს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მესამე ავტომაგისტრალის მშენებლობას.

ახალ, 150 კმ სიგრძის მაგისტრალის შესახებ საუბარი 2019 წელს დაიწყო. ყარაბაღის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი 6 ივნისს ქაშათაღში/გუბადლიში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა უნდა დაიწყოს და განცხადებები გააკეთეს.

ევროპარლამენტარებმა, — ევროკავშირის სომხეთთან და აზერბაიჯანთან (ცალ-ცალკე) საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტებში დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა, ევროპარლამენტის მომხსენებლებმა სომხეთსა და აზერბაიჯანზე, ტრაიან ბაშესკუმ და ზელიანა ზოვკომ 10 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში წერია, რომ ავტორები პრინციპის დონეზე ეთანხმებიან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და ხალხთა შორის კონტაქტების ინტენსივობის ზრდას, თუმცა გარემობა, რომ „გადაწყვეტილება მაგისტრალის აშენების შესახებ მიღებულია აზერბაიჯანის კომპეტენტური ხელისუფლების გარეშე“, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„დამატებით, ამან შესაძლოა გაამყაროს მთიანი ყარაბაღისა და გარშემორტყმული რაიონების უკანონო ოკუპაცია“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ეუთოს მინსკის ჯგუფს, რომელიც ყარაბაღის საკითხზე მუშაობს, და მხარეებს მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.


ახალ მაგისტრალზე საუბარი 2019 წელს დაიწყო. „წინასწარი დისკუსიების შედეგად, ვგეგმავთ 150 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობას. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განუცხადა მაშინ „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან სამსახურს სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა.

„ევრაზიანეტის“ ცნობით, რომელიც აქტიურად აშუქებს ყარაბაღის საკითხს, სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებული პირველი მაგისტრალი 1998 წელს აშენდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან 4 წლის შემდეგ. ეს გზა გადის ლაჩინის კორიდორს, — ყველაზე მოკლე გზას სომხეთსა და ყარაბაღს შორის.

მეორე მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. ის პირველი გზის ჩრდილოეთითაა განლაგებული და მნიშვნელოვნად ამცირებს გზას ერევნიდან სტეპანაკერტამდე, ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქამდე. ეს გზა ასევე გვერდს უვლის ტერიტორიას ყარაბაღს გარეთ, რომელსაც აზერბაიჯანი ასევე ოკუპირებულად მიიჩნევს.

ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი აცხადებდა, რომ მესამე მაგისტრალის მშენებლობა გააძლიერებდა ერევნის/სტეპანაკერტის კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც ის აშენდება.

მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. აზერბაიჯანი მას სომხეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. წლებია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი