ახალი ამბები

მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციის ჩათვლით, გააგრძელონ თანამშრომლობა – კალიურანდი

19 მაისი, 2020 • 1301
მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციის ჩათვლით, გააგრძელონ თანამშრომლობა – კალიურანდი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს რეფორმების შთამბეჭდავი პორტფელი, თუმცა გაუმჯობესება საჭიროა ზოგიერთი მიმართულებით, როგორიცაა გარემოს დაცვა და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

“საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატია, სადაც კანონის უზენაესობას გამყარება ესაჭიროება, მაგრამ უნდა შევხედოთ ფართო სურათს – წლების განმავლობაში საქართველომ დაიკავა განსაკუთრებული ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. ჩემი მოწოდებაა, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ სავაჭრო ინტეგრაციის დაჩქარებაზე, რასაც პოზიტიური გავლენა ექნება როგორც ჩვენს მეწარმეებზე და მომხმარებლებზე, ისე საქართველოს ეკონომიკაზე”, – განაცხადა მარია კალიურანდმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას COVID-19-თან ბრძოლაში და თქვა, რომ ქვეყანაში შემოღებულმა საგანგებო მდგომარეობამ ასევე გადაავადა 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია. კალიურანდის თქმით, ის გუშინ ესაუბრა კოლეგას, ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მხრიდან დავით სონღულაშვილს, რომელმაც დაარწმუნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახლდება, როგორც კი საგანგებო მდგომაროება გაუქმდება.

“მინდა აღვნიშნო პრეზიდენტის მიერ გიგი უგუკავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება, რაც არის პოზიტიური ნაბიჯი მხარეებს შორის პოლიტიკური ვნებათაღელვის შესამცირებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ოპოზიციის ჩათვლით, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა წინასააღჩევნო პერიოდში”, – განაცხადა კალიურანდმა.

მარია კალიურანდმა ასევე მოუწოდა კოლეგებს ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ განცხადებები გააკეთონ საკუთარი კომპეტენციიდან  გამომდინარე და გადაამოწმონ ფაქტები კომენტარის გაკეთებამდე, რადგან ყალბი ამბების მორიგი ეპიდემია არავის სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი