ახალი ამბები

როგორ შეიძლება დაეხმაროს საქართველო სომხეთს

9 ივნისი, 2020 • 857
როგორ შეიძლება დაეხმაროს საქართველო სომხეთს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზადაა სომხეთს დაეხმაროს, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოსთან შედარებით ბევრად მძიმეა.

როგორც გამყრელიძემ ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში აღნიშნა, NCDC-მა სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს წერილობითაც და სიტყვიერადაც უკვე შესთავაზა დახმარება ტესტირების საკითხში.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მოძმე, მეზობელი ქვეყანაა. მე ვიცი, რომ იყო საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შევთავაზეთ წერილობითაც და სიტყვიერადაც დახმარების მზაობა, ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რომ მივეხმაროთ ტესტირებებში, მივცეთ ტესტების გარკვეული რაოდნეობა ან იქიდან აღებული ნიმუშები [აქ შევამოწმოთ]… ერევნიდან თბილისამდე 4 საათის გზაა, თავისუფლად შეგვიძლია 24 საათში 1000 გამოკვლევაზე მივეხმაროთ. ვიცი, რომ არის მზაობა ჯანდაცვის უწყებაშიც, ეკონომიკის სამინისტრომ პირბადეებზე გააკეთა განცხადება”, – ამბობს გამყრელიძე.

კითხვას, არის თუ არა სომხეთიდან დაავადებულთა საქართველოში მკურნალობაზე საუბარი შესაძლებელი, გამყრელიძე პასუხობს, რომ ყველა ვარიანტის განხილვა შესაძლებელია, მთავარია, რა საკითხს დააყენებს სომხეთი.

სომხეთში Covid-19-ის გამო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა: ქვეყანაში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 13675-ია; ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების გაანგარიშებით, სომხეთი მე-19 ადგილზეა; მან რამდენიმე დღის წინ გაუსწრო შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას და ა.შ.. სომხეთში უკვე ვეღარ ახერხებენ, კლინიკებში უმკურნალონ იმ პაციენტებს, რომლებსაც Covid-19-ზე მკურნალობა ესაჭიროებათ.


ივნისის დასაწყისში სომხეთში დამძიმებული ვითარების ფონზე, ფეისბუკზე საქართველოს არაერთმა მოქალაქე დაწერა, რომ ემხრობიან ინიციატივას, საქართველო როგორმე დაეხმაროს მეზობელ სომხეთს. მთავრობის მიმართ ამ მოწოდებით პეტიციაც გავრცელდა.

ამის შემდეგ, 4 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, „სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი