ახალი ამბებისაზოგადოება

რას ამბობენ აბიტურიენტები გამოცდების პანდემიურ წესებზე

10 ივნისი, 2020 • 2570
რას ამბობენ აბიტურიენტები გამოცდების პანდემიურ წესებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და განათლების სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სხვადასხვა წესი შეიმუშავეს, მათ შორის გამოცდის ჩაბარებისას აუცილებელია პირბადის კეთება. ამასთან, იკრძალება კონდიციონერის ჩართვაც გამოცდის მიმდინარეობის პროცესში.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე აბიტურიენტს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი სირთულე მთელი გამოცდის განმავლობაში პირბადის ტარება იქნება.

ერთ-ერთი აბიტურიენტის, მარიამ ხასაიას თქმით, რამდენჯერმე სცადა ერთგვარი რეპეტიცია გაევლო და პირბადით ემეცადინა, თუმცა ამ დროს მობილიზებას ვერ ახდენს, რადგან ჰაერის უკამრუსობა აწუხებს.

“ყველაზე დიდი, მათემატიკის გამოცდა, 4 საათის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პირბადის მოხსნის უფლება არ მაქვს. ისედაც განსაკუთრებით ამ გამოცდის მეშინია და არ ვიცი, როგორ მოვახერხებ კარგად დაწერას. გარდა ამისა, იმაზეც ვფიქრობ, გამოცდაზე ცუდად რომ გავხდე ჰაერის უკმარისობის გამო, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდეს და წლევანდელი წელი ჩამივარდეს…”, – თქვა მარიამმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მარიამის მსგავსად, ერთ-ერთი აბიტურნეტი ანი აბაზაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის განსაკუთრებულად რთული სწორედ პირბადის ტარება იქნება.

“მგონია, რომ ეს ახალი წესები ძალიან გაგვირთულებს გამოცდების ჩაბარების პროცესს. ძალიან დიდი სიცხე იქნება [ივლისში], პირბადეებში კიდევ უფრო დაგვცხება და აზროვნებაში ხელს შეგვიშლის. სადმე რომ მიწევს პირბადის გაკეთება ცოტა ხნით, ძალიან მაწუხებს, და მთელი გამოცდის პერიოდში როგორ უნდა გავძლო, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოცდების შედეგებზეც აისახება”, – განმარტა ანიმ.

პირბადეს განსაკუთრებულ პრობლემად არ აღიქვამს აბიტურიენტი, ნინო სხულუხია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობასი აქტიურად ცდილობს იმეცადინოს პირბადით. მიუხედავად იმისა, რომ სხულუხია ამ დრომდე ვერ შეეჩვია პირბადით მეცადინეობას, თვლის, რომ სხვა გზა არ არის:

“შედარებით გაართულებს პირბადე გამოცდის დაწერას, მაგრამ მგონია, რომ როცა პანდემიაა, რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეთ”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთი დღეს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან ცდილობდა გარკვევას, განიხილებოდა თუ არა მანამდე რაიმე სხვა ალტერნატივა, იყო თუ არა აუცილებელი პირბადეები, როდესაც დისტანცია დაცულია და ფანჯრები ღიაა, ხომ არ იყო შესაძლებელი საგამოცდო სივრცეების გაზრდა, ანუ აბიტურიენტების მაგიდების კიდევ უფრო დაშორება და ა.შ. განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და დეტალების შესახებ მათ უნდა დავკავშირებოდით. ჯანდაცვის სამინისტროდან საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი “ტვ პირველთან” საუბრისას განმარტა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წესების შესამუშავებლად NCDC განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობდა, მათ შორის გამოცდებზე პირბადის ტარებაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა, თუმცა საბოლოოდ შეეჯერდნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომ აბიტურიენტებისთვის გამოცდის ჩაბარებისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მისივე თქმით, მეორე ვარიანტი გამოცდების გადადება იყო.

“ჩვენ რა ვთქვათ, ექიმებმა, ქირურგებმა, 10 და მეტი საათი რომ უწევთ ოპერაციეზე პირბადის კეთება, არ არის ეს [პირბადის ტარება] ის, რაც არ შეიძლება, რომ გაკეთდეს, რომ 3-4 საათი ჰქონდეთ პირბადე… ძალიან ბევრი კამათი იყო გამოცდების გადავადების საკითხზე, მაგრამ – არა. წარმოიდგინეთ, ბავშვებს რომ გადაუვადდეთ გამოცდები, ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობები. ექიმებმა ჯანმრთელობის კუთხით, რომ მაქსიმალურად არ არსებობდეს ბარიერი აბიტურიენტისთვის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლმა სერგო რატიანმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო, 4 სხვადასხვა ტესტის მაგივრად, წელს, გამონაკლისის სახით, აბიტურიენტებს დაეწერათ ერთი, კომბინირებული ტესტი, რაც მათ დისკომფორტს შეამცირებდა:

“შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო ერთი კომბინირებული გამოცდა და ასე გამოგვეცადა ეს ადამიანები ერთ სასესიო დღეს და მორჩენილიყო ყველაფერი. ეს იქნებოდა ნორმალური გამოსავალი. საკმაოდ რთულ პირობებში მოწუევთ ამ ახალგაზრდებს მუშაობა. მოუწვეთ 4-ჯერ მისვლა და ოთხივეჯერ გარკვეულწილად ექსტრემალური გარემო იქნება და ეს არ არის სასურველი. კომბინირებული გამოცდა არის აპრობირებული მეთოდი, არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკაში, როდესაც ერთი ტესტის ფარგლებში სხვადასხვა საგნის გამოცდა ხდება. ვფიქრობ, რომ თავი არ შეიწუხეს და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ახალგაზრდები. გამოცდა არის სტრესული მდგომარეობა და ფაქტობრივად ოთხჯერ ამრავლებენ ამას”, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, როდესაც აბიტურიენტები მშობლებთან ერთად საგამოცდო სივრცეებში მივლენ, ეს ისედაც შექმნის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს. აღნიშნული რეკომენდაციით “ევროპულმა საქართველომ” საქართველოს განათლების მინისტრსაც მიმართა მიმდინარე წლის აპრილში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩვეული სახით ჩატარებას ჯერ კიდევ აპრილში აკრიტიკებდა განათლების სფეროს ექსპერტი, შალვა ტაბატაძე, რომელმაც “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელებამ და ამის გამო შეცვლილმა ცხოვრების რიტმმა კიდევ უფრო გააღრმავა აბიტურიენტებს შორის არსებული უთანასწორობა. ვინაიდან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რეპეტიტორებთან ვერ დადიოდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ სკოლაში მიღებულ ცოდნაზე – ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გაუქრათ. განსაკუთრებით კი, რეგიონებში, სადაც ინტერნეტთან წვდომა ან/და პერსონალური კომპიუტერი ყველას არ აქვს.

ტაბატაძის თქმით, ერთ-ერთ შესაძლებლობად ყველა სტუდენტის უნივერსიტეტებში ჩარიცხვაც უნდა განხილულიყო, რადგან უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა ამ დროისთვის უფრო მეტია, ვიდრე მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, ადგილების პრობლემა არ იქნებოდა. წაიკითხეთ ვრცლად ამ ინიციატივაზე:

ეროვნული გამოცდების 2 ალტერნატივა | შალვა ტაბატაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი