ახალი ამბებიკომენტარი

ეროვნული გამოცდების 2 ალტერნატივა | შალვა ტაბატაძე

10 აპრილი, 2020 •
ეროვნული გამოცდების 2 ალტერნატივა | შალვა ტაბატაძე

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე განათლების სამინისტრო ჯერჯერობით არ გეგმავს ეროვნული გამოცდების ვადების გადადებას, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ჩასაბარებელი აუცილებელი გამოცდები, ჩვეულებისამებრ, ზაფხულში, ივლისის თვეში გაიმართება.

თუმცა განათლების სფეროს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტრომ გარკვეული ცვლილებები უნდა მოიფიქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბიტურიენტთა ინტერესები დაზარალდება.

ერთ-ერთი ასეთი ექსპერტი შალვა ტაბატაძეა, რომელიც ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელებამ და ამის გამო შეცვლილმა ცხოვრების რიტმმა კიდევ უფრო გააღრმავა აბიტურიენტებს შორის არსებული უთანასწორობა. ვინაიდან იმ ახალზარდებს, რომლებიც რეპეტირორებთან ვერ დადიოდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ სკოლაში მიღებულ ცოდნაზე – ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გაუქრათ. განსაკუთრებით, კი რეგიონებში, სადაც ინტერნეტთან წვდომა ან/და პერსონალური კომპიუტერი ყველას არ აქვს.

ტაბატაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სამინისტრო, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სასწავლებლებთან ერთად, უკვე უნდა მსჯელოდეს ერთგვარ კრიზისულ გეგმასა და ალტერნატიულ მეთოდებზე. თუმცა აქვე დასძენს, რომ მოკლე დროში მიღებულ ნებისმიერ ალტერნატიულ მოდელს, აუცილებლად ექნება თავისი მინუსები და განხორციელების პრობლემები.

“ჩაირიცხოს ყველა სტუდენტი”

„ჩემი ერთ-ერთი შეთავაზებაა, რომ უბრალოდ ყველა სტუდენტის ჩარიცხვა მოხდეს იმიტომ, რომ უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა დღესდღეობით უფრო მეტია, ვიდრე მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, ადგილების პრობლემა არ იქნება.

დამატებითი ადგილების გამოყოფა მთლიანობაში საჭირო არ იქნება, ზოგადი სურათის თვალსაზრისით ეს მიღწევადი შედეგია, ხოლო როგორ მოხდება სტუდენტების გადანაწილება უნივერსიტეტებში, ამაზე ფიქრი შეიძლება… შეიძლება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სახელმწიფო გრანტის და მოთხოვნად ფაკულტეტებზე სტუდენტების გადანაწილება ზოგადი უნარების ტესტის მიხედვით.

ტაბატაძე განმარტავს, რომ რადგანაც უნარების გამოცდა წელს სავალდებულო აღარ არის და მას ბევრი აბიტურიენტი აღარ აბარებს – „ეს გზა იმ უთანასწორობას მოხსნის, იმიტომ, რომ ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდება. ძალიან ცოტა თუ ემზადება ამ გამოცდისთვის და, შესაბამისად, ვისაც რა შედეგი ექნება, ამის მიხედვით გადანაწილდებიან უნივერსიტეტში“.

ტაბატაძე მიიჩნევს, რომ თუ გამოცდების ეროვნული ცენტრი სექტემბერში ამგვარი გამოცდების დანიშვნის მზაობას გამოთქვამს, სექტემბრის ბოლოსკენ, უნივერსიტეტები ზოგადი უნარების ტესტით გადანაწილებული სტუდენტების სწავლების დაწყებას უკვე შეძლებენ.

უნივერსალური მოდელით სწავლება

ექსპერტი ამბობს, რომ თუ ზემოხსენებული ალტერნატივა ვერ განხორციელდა, სამინისტროს კიდევ ერთი მოდელის ამუშავება შეუძლია: სტუდენტების უნივერსიტეტებში პირდაპირ ჩარიცხვა და პირველ სემესტრში უნივერსალური სწავლების მოდელის დანერგვა.

„შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა პირველი სემესტრი ისწავლონ უნივერსალური მოდელით, რომელიც უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებული იქნება და მიმართულებების მიხედვით ჩაშლილი: სამედიცინოს -თავისი მიმართულება, ჰუმანიტარულს- თავისი და ა.შ.

საუნივერსიტეტო საგნები იქნება შეთანხმებული და მათ სტუდენტები გაივლიან, თუნდაც, თუ საჭიროება იქნება – დისტანციურად. თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაშინ სასწავლებლებში სტუდენტები ტერიტორიული პრინციპით ივლიან. ვთქვათ, ზოგი- თსუ-ში, ზოგი- ბათუმის უნივერსიტეტში, ზოგი0 ქუთაისში და ა.შ. თუმცა ყველა პროგრამა იქნება ერთი“, – განმარტავს ექპსერტი.

ამ შემთხვევაში პირველკურსელი არ იქნება რომელიმე ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი, არამედ გაივლის საერთო კურსს, ხოლო შემდგომ, მაგალითისთვის, დეკემბრის თვეში, ისინი უკვე სასურველ უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.

„ეს გადანაწილებაც ასევე უნარების ტესტის პრინციპს დაეფუძნება და შეიძლება დაემატოს სამეცნიერო მიმართულება – ანუ კომპონენტი, რომელიც დაეფუძნება იმ სასწავლო მასალას, რაც პირველ სემესტრში სტუდენტმა გაიარა“, – ამატებს ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ეს მოდელები კანონმდებლობაში შესაძლოა არ ჩაჯდეს, თუმცა, რაკიღა ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა, სიტუაციის მართვას განსაკუთრებული საკანონმდებლო რეგულაციები სჭირდება – „არსებულ კანონმდებლობას უნდა გადავუხვიოთ და ვთქვათ, რომ ეს არის სპეციალური რეჟიმი, მხოლოდ ამ შემთხვევისთვის“.

„აქ მთავარია, აბიტურიენტის ინტერესი – რომელიც დღეს ხელმისაწვდომობის თვასლსაზრისით ისედაც შელახულია – კიდევ უფრო არ შეილახოს და ეს უკვე არ გადაიქცეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვად, ამიტომ სახელმწიფომ განსაკუთრებული რეჟიმი უნდა შესთავაზოს, ერთგვარი საშეღავათო რეჟიმი. როგორი იქნება ეს რეჟიმი, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუმცა სხადასხვა მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი“, – დასძენს ის.

შალვა ტაბტაძე სკეპტიკურად უყურებს სამინისტროს ამჟამინდელ პოზიციას, რომლის მიხედვითაც ივლისში გამოცდების ჩატარება შესაძლებელია:

“სამინისტრო აცხადებს, რომ ივლისში გამოცდების ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარებას შეძლებს, ეს რომც მოახერხოს –  ეს არ არის ნორმალური ვითარება. დღევანდელ ვითარებაში ნორმალურ ფორმატშიც კი გამოცდების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ვინც არათანაბარ მდგომარეობაშია, ისინი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან, რაც სახელმწიფოს ინტერესებში არ უნდა იყოს და სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას.

უნარების ტესტით გრანტის გადანაწილება ამ შემთხვევაში ყველაზე დემოკრატიული გადაწყვეტილება იქნებოდა, იმიტომ, რომ დღესდღეობით გრანტი ნაწილდება იმაზე, ვისაც უფრო მეტი რესურსი ჰქონდა და მოემზადა, და არა იმაზე, ვისაც, ვთქვათ, უფრო მეტი უნარი და შესაძლებლობები აქვს“, – განმარტავს შალვა ტაბატაძე.

ტაბატაძე დასძენს, რომ საქართველოს მოუქნელი განათლების სისტემის გამო, რომელიც ერთკომპონენტიანია და ეფუძნება გამოცდებს, მოკლე პერიოდში ცვლილება რთულია, სხვა ვითარებაში კი ზემოხსენებული მოდელები საერთოდ არ იქნებოდა საჭირო.

„სხვა სისტემა რომ გვქონოდა ან რომ გვქონოდა ნდობა საზოგადოების მხრიდან, მაგალითად, ყოველგვარი გამოცდების მოხსნა შეიძლებოდა და უნვერსიტეტების დონეზე გადანაწილება შეიძლებოდა სასკოლო ნიშნების მიხედვით, ხოლო პროგრამებზე და ფაკულტეტებზე გადანაწილება, შესაძლებელია ყოფილიყო თუნდაც იგივე გრანტების მიხედვით, მარგამ რადგან ეს კომპონენტი არასდროს გვქონია, ახლა ამის შემოტანა შეუძლებელია“, – ამბობს ტაბატაძე.

ამავე თემაზე გირჩევთ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/268463/

მასალების გადაბეჭდვის წესი