ახალი ამბები

ეროვნული გამოცდები ერთ სესიაზე კომბინირებული ტესტით ჩატარდეს – რატიანის ინიციატივა

8 აპრილი, 2020 • 2035
ეროვნული გამოცდები ერთ სესიაზე კომბინირებული ტესტით ჩატარდეს – რატიანის ინიციატივა

“ევროპული საქართველო” ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ დროულად დაიწყოს მზადება რთული სცენარისთვის და აბიტურიენტებისთვის ერთ სესიაზე კომბინირებული ტესტირების ჩატარებას სთავაზობს.

კერძოდ, რატიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდების შემცირება და მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტის განხილვას:

“უფრო ზუსტად, ვგულისხმობთ არსებული საგნობრივი გამოცდების იმ ფორმით მოდელირებას, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის პროგრამის შინაარსის ჩაბარება შეძლონ. ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით საგნობრივი ჯგუფების პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა სახელმწიფო დაფინანსების არსებულ მოდელთანაც”, – ამბობს რატიანი.

მისი თქმით, სამინისტრომ ასევე დროულად უნდა დავიწყოს მუშაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც არიან დარეგისტრირებული აბიტურიენტები, მოხდეს საგამოცდო ცენტრების ჩამოყალიბება (მეტწილად სკოლებში). უფრო ზუსტად, რატიანის თქმით, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვისათვის საჭირო თანხის მოძიება:

“ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოთხი სასესიო საგნობრივი გამოცდის პირობებში, ერთ ცენტრში აღსაჭურვი იქნება 5-25 საგამოცდო სივრცე ( უიშვიათესი შემთხვევა), რომელთა მართვა არსებული ადამიანური რესურსის პირობებშიც შესაძლებელია. ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით”, – ამბობს რატიანი.

მისი თქმით, აუცილებელია სკოლებმა გააგრძელონ დისტანციური სწავლების ის ფორმა, რაც დაწყებული აქვთ, მათ შორის იგულისხმება სატელევიზიო პლატფორმა “ტელესკოლაც”. თუმცა “ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების მექანიზმები, რაც განსაზღვრავს მიმდინარე პროცესის სავალდებულო და აკადემიურ ხასიათს.

რატიანის განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევებისთვის შესაძლებელია, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, გამოყენებული იყოს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღების აპრობირებული შესაძლებლობაც.

მთავრობა ეროვნული გამოცდების ფორმატს და თარიღს არ ცვლის

მასალების გადაბეჭდვის წესი