ახალი ამბები

“სირცხვილია” კალაძეს 20 ივნისს რუსთაველის გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს

9 ივნისი, 2020 • 1118
“სირცხვილია” კალაძეს 20 ივნისს რუსთაველის გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს

მოძრაობა “სირცხვილია” თბილისის მერს, კახა კალაძეს 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ აუწყებს. აქტივისტთა თქმით, შეკრების სრულფასოვნად, რეკომენდაციების დაცვით ჩასატარებლად საჭიროა საავტომობილო მოძრაობის გარკვეული დროით შეზღუდვა. შესაბამისი განცხადება აქტივისტებმა მერიაში დღეს, 9 ივნისს შეიტანეს.

“იმისთვის, რომ საპროტესტო მანიფესტაცია ჩატარდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, აუცილებელია, რუსთაველის გამზირზე (საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე მონაკვეთი) სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს დღის 3 საათიდან, რათა აქციის ორგანიზატორებმა წინასწარ მოამზადონ ტერიტორია შეკრებისთვის – უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები, გაკეთდეს დისტანციისთვის საჭირო ნიშნულები, მოეწყოს ტერიტორია აუცილებელი ინვენტარით და გაიმართოს ხმის სისტემა სათანადოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქტივისტთა თქმით, თუ მერია თავად არ უზრუნველყოფს გზის გადაკეტვას, აქციის მონაწილეები დისტანციის დაცვით მაინც შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რაც “ხალხის მატებასთან ერთად, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს გზის გადაკეტვას”.

მოძრაობა სირცხვილია” აქციას 20 ივნისს, 19:00 საათისათვის აანონსებს. მოძრაობა აღნიშნავს, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევიდან 1 წლისთავზე კვლავ არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი. მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა პრემიერია, “სახელმწიფო გადატრიალების” ბრალდებით კი ციხეში სხედან “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.

მოძრაობა ასევე ხაზს უსვამს, რომ დაშავებულთა უმრავლესობას დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, პირობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ამ დრომდე არ სრულდება.

“1 წლისთავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში”, – ამბობენ აქტივისტები.

ისინი მოუწოდებენ 20 ივნისს დაგეგმილ მანიფესტაცაში მონაწილეობის მსურველებს, პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.


საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი