ახალი ამბები

ნიდერლანდებში დაკავებულ ქართველს 12.5 მილიონი ევრო უპოვეს – მედია

9 ივნისი, 2020 • 4269
ნიდერლანდებში დაკავებულ ქართველს 12.5 მილიონი ევრო უპოვეს – მედია

ნიდერლანდური მედიის ცნობით, გასულ თვეში ეინდჰოვენში დაკავებული კაცი, რომელსაც 12.5 მილიონი ევრო (ნაღდი ფულით) უპოვეს, ქართული წარმოშობისაა.

ამჟამად მას ფულის გათეთრებას ედავებიან. თავად ბრალდებული თანხის წარმოშობაზე არაფერს აცხადებს, ხოლო მისი ადვოკატის თქმით, ადგილი, სადაც თანხა იპოვეს, მისი კლიენტის მფლობელობაში არაა და ამასთან ერთად, ის უსახლკაროც არის.

სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც თანხა აღმოაჩინეს, პირველ მაისს ჩატარდა. პოლიციამ ეინდჰოვენის ერთ-ერთი სახლის დამალულ სივრცეში 12.5 მილიონი ევრო აღმოაჩინა. მათი განცხადებით, ეს იყო ერთ ადგილას ნაპოვნი ყველაზე დიდი თანხა.

სამართალდამცავებმა ამოიღეს სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები — 20-დან 500 ევრომდე. მთლიანობაში, მთელი თანხა 255 კილოგრამს იწონიდა. იქვე იყო ორი ცეცხლსასროლი იარაღი ტყვია-წამლით და ფულის მთვლელი მანქანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი