ახალი ამბები

“თავსმოხვეული სხვა კონტექსტში იხმარა” – უსუფაშვილი ხაზარაძეზე

8 ივნისი, 2020 • 1954
“თავსმოხვეული სხვა კონტექსტში იხმარა” – უსუფაშვილი ხაზარაძეზე

„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ ლგბტ უფლებებზე საუბრისას ფრაზა უმცირესობების მიერ უმრავლესობისთვის რიგი საკითხების თავსმოხვევის შესახებ სხვა კონტექსტში იხმარა.

საქმე ეხება ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანი „პირველის“ ეთერში გავიდა. ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ თქვა:

„ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა…“

მან ასევე განაცხადა, რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

„[ფრაზა თავსმოხვევის შესახებ] ეს არაფერს ნიშნავს. ეს არის ერთადერთი ფრაზა, მამუკას მიერ ნათქვამი ,რომლის თაობაზეც მეც და სხვასაც გვქონდა მამუკასთან საუბარი, რომ ამ კონტექსტში ამ ფრაზის მოშველიება იყო არასწორი და ეს ესმის მამუკასაც.

ჩემი ვარაუდი ასეთი მაქვს, ძალიან მარტივი ამბავია: მივიდა მამუკა ეთერში საქვეყნო, სერიოზულ პრობლემებზე სასაუბროდ – მაგალითად, ის, რომ კოვიდიდან გამოვდივართ და სიღარიბეში შევდივართ, არჩევნები კარს მოგვადგა, უამრავი სხვა თემა გვაქვს და რატომღაც ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ეს თემა არის აქტუალური – ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებასთან საკითხზე დაკავშირებით რა პოზიცია აქვს მამუკას.

პირდაპირ ეთერში ასეთ კითხვაზე, მგონი, მან ჩათვალა თავს მოხვეულად თემა და ახლა თავს მოხვეული სხვა კონტექტში იხმარა. ნახევრად ხუმრობით ვამბობთ, მაგრამ ასე იყო ეს ამბავი“, – განამრტავს უსუფაშვილი.

მისი თქმით, თუ პირი კანონის ფარგლებში მოქმედებს და იცავს თავის უფლებებს, ეს შეუძლებელია რაიმეს თავსმოხვევად ჩაითვალოს, „თუმცა, თუ ვინმე გადის კანონს მიღმა და იქიდან ლობირებს საკუთარ ინტერესებს – ეს არის თავს მოხვევა“.

„საქმით დავამტკიცებთ ამ კონკრეტულ საკითხში რას ვგულისხმობთ ჩვენ უმცირესობების უფლებების დაცვაში, რა გვაქვს პროგრამაში ან 17 მაისს რა განცხადება გავაკეთეთ, ან რა ურთიერთობაში ვართ ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებთან..

იმის თქმა მინდოდა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხს ჩვენ ვხურავთ“, – ამბობს უსუფაშვილი.

ის, რაც ისედაც მათი იყო და დაკანონდა, პრობლემას ვერ ვხედავ – ხაზარაძე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი