ახალი ამბები

ქორწილისა ან სხვა მასშტაბური ღონისძიებისთვის პირი შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს

8 ივნისი, 2020 • 1552
ქორწილისა ან სხვა მასშტაბური ღონისძიებისთვის პირი შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის ან/და სხვა მასშტაბური ღონისძიებისთვის, შესაძლოა, ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული – 10 000 ლარით.

ამის შესახებ პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, რომელზეც ოხანაშვილი საუბრობს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიული პირის – 10 000 ლარით.

იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

“რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის ქორწილის, იუბილეს, ქელეხის, მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა, ვინაიდან, იცით, რომ 10 პირამდე შეკრება არის ნებადართული.

ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ჩაჯდება სწორედ ამ მძიმე დარღვევაში.და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000- ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000- ლარიანი ჯარიმით“, – თქვა ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი