ახალი ამბები

ზოგიერთი მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

8 ივნისი, 2020 • 1150
ზოგიერთი მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

თბილისში დიდუბის ცენტრალური ავტოსადგურიდან გარკვეული მიმართულებებით მგზავრობა 1-დან 2 ლარამდე გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტოსადგურის გენერალური დირექტორი, ნატო გელაშვილი ადასტურებს.

დირექტორის განმარტებით, მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზი ის დამატებითი ხარჯები გახდა, რაც მიკროავტობუსების მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების დეზინფექციისთვის სჭირდებათ. გელაშვილის თქმით, მიკროავტობუსებს დეზინფექცია ავტოსადგურზეც უტარდებათ, თუმცა მძღოლებს დამატებით დეზინფექციის ჩატარებაც უწევთ, რასაც საკუთარი ჯიბიდან იხდიან.

როგორც გელაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, დიდუბის ცენტრალურ ავტოსადგურიდან პანდემიამდე დღის განმავლობაში 350 სამგზავრო რეისი სრულდებოდა, თუმცა დღეს ყველა მიკროავტობუსის მძღოლს არ დაუწყია მუშაობა, რადგან ხალხის მცირე რაოდენობის გამო ამის საჭიროება არ დამდგარა:

“დღეს 250 რესიამდე შესრულდება, თუმცა ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის არ მაქვს. ამის მიზეზი ხალხის შემცირებული რაოდენობაა. ზოგი მიკროავტობუსი დანიშნულების ადგილზე ჩადის და უკან აღარ ბრუნდება, ზოგი საერთოდ ვერ გადის ავტოსადგურიდან, რადგან ხალხის საკმარისი რაოდენობა რეისის შესასრულებალდ არ გროვდება”, – განმარტა გელაშვილმა.

დიდუბის ცენტრალური ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები მიდიან როგორც დასავლეთის მიმართულებით, ბათუმში, ქობულეთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ქუთაისში და ა.შ. ასევე, სრულდება რეისებიც მოკლე მანძილზე: ნატახტრის, მცხეთის, მისაქციელის, კასპის, იგოეთის და სხვა მიმართულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი