ახალი ამბები

ვფიქრობ მაჟორიტარობაზე, თუმცა კვოტების განაწილების დისკუსიაში არ ჩავერთვები – ბესელია

8 ივნისი, 2020 • 1061
ვფიქრობ მაჟორიტარობაზე, თუმცა კვოტების განაწილების დისკუსიაში არ ჩავერთვები – ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის მიერ წარსადგენი კანდიდატების პარტიულ კვოტირების პრინციპს არ ემხრობა.

“არ მიმაჩნია, რომ სწორია სამაჟორიტარო ოლქების კვოტებით განაწილების პრინციპი. მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ კანდიდატი რამდენად ძლიერი და მისაღებია.  როცა საუბარია კონსენსუსზე, გარკვეული შეთანხმების გზით პროცესის წარმართვაზე, მნიშვნელოვანია, ვინ შეიძლება იყოს უკეთესი კანდიდატი და არა ის, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან რომ ვისმენთ სქემას, კვოტები როგორ გავანაწილოთ პარტიებზე. კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიაში და ბლოკებში, თუ უნდათ. ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორი მგონია და არ ჩავერთვები ასეთ დიალოგში, სადაც საუბარია მაჟორიტარული ოლქების კვოტებით გადანაწილებაზე. აქ მნიშვნელოვანია სახელი და გვარი – ვინ შეიძლება იყოს უკეთესი კანდიდატი. ამაზე შეიძლება იყოს დისკუსია და მსჯელობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ თბილისში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე ფიქრობს.

“არ ვჩქარობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ეს ახალი პარტიებისთვის მნიშვნელოვანი  შესაძლებლობაა, მეტი ამომრჩევლის მობილიზება მოვახერხოთ. ამაზე ვფიქრობ, თუმცა იმ დისკუსიაში არ ჩავერთვები, სადაც საუბარია კვოტებით განაწილებაზე”, – განაცხადა ბესელიამ.


ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას, თუმცა საგამონაკლისო წესით ოპოზიციასთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორში, გლდანსა და სამგორში წარადგინოს, 6 ოლქი კი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაუთმოს.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას თბილისის 8 ოლქში საერთო მაჟორიტარების დაყენების ფორმულას სთავაზობს.

ბერძენიშვილის აზრით, თბილისში საერთო მაჟორიტარები კვოტები ასე უნდა განაწილდეს:

  • ენმ – 2
  • ევროპული საქართველო – 2
  • ლელო – 2
  • ლეიბორისტები – 1
  • ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა – 1

მასალების გადაბეჭდვის წესი