ახალი ამბები

ბაქრაძე ევსაქების სიის №1 იქნება და მაჟორიტარობასაც განიხილავს

8 ივნისი, 2020 • 1307
ბაქრაძე ევსაქების სიის №1 იქნება და მაჟორიტარობასაც განიხილავს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” პარტიული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება.

ამავდროულად, ბაქრაძე არ გამორიცხავს, თბილისის ერთ-ერთი უბანში მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

“მე ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული როგორც “ევროპული საქართველოს” პირველი ნომერი პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ, შეთანხმების შემთხვევაში, ვიყო ასევე თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას, თუმცა საგამონაკლისო წესით ოპოზიციასთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორში, გლდანსა და სამგორში წარადგინოს, 6 ოლქი კი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაუთმოს.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას თბილისის 8 ოლქში საერთო მაჟორიტარების დაყენების ფორმულას სთავაზობს.

ბერძენიშვილის აზრით, თბილისში საერთო მაჟორიტარები კვოტები ასე უნდა განაწილდეს:

  • ენმ – 2
  • ევროპული საქართველო – 2
  • ლელო – 2
  • ლეიბორისტები – 1
  • ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა – 1

მასალების გადაბეჭდვის წესი