ახალი ამბები

შემოდგომიდან საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილება — რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

8 ივნისი, 2020 • 1588
შემოდგომიდან საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილება — რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში განიხილავენ სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას, მათ შორის საქართველოსთან — ოღონდ, შემოდგომაზე.

„რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა“, — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ოფიციალურ დონეზე ეს საკითხი ჯერ არ დაყენებულა, თუმცა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მისცემს, საქართველოს მთავრობის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება:

„არაკომერციული ასოციაციაა [რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია], თუმცა, საკმაოდ დიდი, ეს მათი აზრია და სურვილი, როგორ ჩანს. თუმცა ოფიციალურ დონეზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან. უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდებით, როგორი იქნება ვითარება  და თუ საშუალება გვექნება, დამოკიდებულება ადრეც პოზიტიური იყო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და პერპსექტივაშიც პოზიტიური იქნება. მაგრამ ვიმეორებ, ეს დაკავშირებულია ეპიდვითარებასთან, მათ შორის რუსეთში“, — განაცხადა აბაშიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საქართველოში დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და „უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 21 აპრილს განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოსკოვი მალე მოაგვარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი