ახალი ამბები

კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნას და მუშაობის განახლებას ითხოვენ

8 ივნისი, 2020 • 1557
კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნას და მუშაობის განახლებას ითხოვენ

კერძო ბაღები აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ.

7 ივნისს კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფის გავრცელებული განცხადების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამის უწყებებს მიმართვა გაუგზავნა. მიმართვის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი (მთავრობის ადმინისტრაცია), თბილისის მერია, ბაღების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო.

განცხადების თანახმად, „ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ“. მათ სურთ, რომ შემუშავდეს მათი მუშაობის სპეციალური გრაფიკი, რის შემდეგაც „მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ“.

პრობლემების ჩამონათვალში განცხადების ავტორები აღნიშნავენ: „კერძო ბაღები ვეღარც იჯარის საფასურს იხდიან, ვერ სრულდება ფინანსური ვალდებულებები… ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ბაღებში დასაქმებულთა მდგომარეობაც, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ დარჩა“.

კერძო ბაღებმა მოთხოვნა პეტიციის სახითაც გაავრცელეს manifest.ge-ზე, რომელსაც ამ დროისთვის 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. „მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს“, – წერია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ კერძო ბაღები მუშაობის განახლებას მოახერხებენ სექტემბრიდან — იმ დროიდან, როდესაც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც განაახლებენ მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი