ახალი ამბები

ბათუმში ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

5 ივნისი, 2020 • 1544
ბათუმში ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული.

აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა აანონსებენ სარფის საბაჟოს გადაკეტვას, თუმცა ეს რამდენჯერმე გადადეს. დღეს აქციის მონაწილეები სარფისკენ მიდიოდნენ, თუმცა ახალსოფლიდან უკან, პროკურატურასთან დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც 15 ადამიანი შიმშილობს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროკურატურასთან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებს პროკურორი შეხვდებოდა. აქციის მონაწილე მაია მელიქიძე ვერ გვიზუსტებს, ვინ უთხრა მათ ამის შესახებ. ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მას პროკურატურიდან ჯერ არავინ შეხმიანებია.

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად ბათუმში, პროკურატურის შენობასთან 15 ადამიანი შიმშილობს, 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი თურქეთში 2018 წელს დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში ვერ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი