ახალი ამბები

თავდაცვაში უარყოფენ ცნობებს უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელზე

5 ივნისი, 2020 • 3188
თავდაცვაში უარყოფენ ცნობებს უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამხედროებისთვის “ლოვას” და “ჰაიქსის” ფირმის ფეხსაცმელის ნაცვლად მათი ყალბი ანალოგები შეიძინეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილი აქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ნეგატიურ კამპანიას თავდაცვის ძალების წინააღმდეგ და რეალურად, მათი თქმით, ისტორიაში პირველად, ქართველი სამხედროებისთვის უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმელები და ბათინკები აქვთ ნაყიდი:

“გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის შეძენილ იქნა ბაზრის ლიდერი კომპანიების – „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები. ახალი წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების განცხადებით, შესყიდვის ფასი საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ასევე, სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და  კონტრაქტის გაფორმებით პირდაპირ მწარმოებლებთან, შუამავლების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები:

“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა ის შესაძლო ბრალდება, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში, უსაფუძვლოა და მიმართულია ჯარის საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების დასაკნინებლად”, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაცია უხარისხო ფეხსაცმელებზე პარტია “კანონი და საქართველოს” წევრმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურე ბადრი შელიამ გაავრცელა.

“თავდაცვის მინისტრი თვეებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოში ცნობილი ,,ლოვას” და ,,ჰაიქსის” ფირმის უმაღლესი ხარისხის სამხედრო დაბალყელიანი ფეხსაცმლებით, ე.წ. ბატინკებით იქნებიან უზრუნველყოფილი. არაუმეტეს 2 თვეა, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აღნიშნული ბატინკები დაურიგეს და აცვიათ. გამოიკვეთა ის, რომ არანაირი უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელი ის არ აღმოჩდა და ძალიან ბევრს ძირი გასძვრა. გარდა ამისა, იმდენად ცხელია, რომ ბიჭებს ფეხები ეხარშებათ მასში. ეს ყველაფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ ბატინკები ორიგინალი არ არის და ის პატენტირებული ნაწარმია”, – განაცხადა შელიამ.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ, სად, რომელ ქვეყანაში შეუკვეთა აღნიშნული ფეხსაცმელი და რამდენი თანხა დაიხარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან.

“ბატინკების უხარისხობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ აძლევენ საშუალებას, კონკრეტული ბატინკები პერიოდული რეცხვისთვის სახლში წაიღონ. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებოდნენ ამ საკითხით და ჩაატარებდნენ მოკლვევას აღნიშნული ბატინკების ხარისხიანობაზე, ბატინკებისა, რომლის ერთ წყვილში სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 80 ევრო გადაიხადა”, – აცხადებს შელია.

დამატებითი დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ შესყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან განხორციელდა და შესაბამისი ტენდერი არ ჩატარებულა. ამასთან, სამინისტროში გვითხრეს, რომ შესყიდვის შესახებ დოკუმენტაცია საჯარო არაა და მათ ვერ მოგვაწვდიან, თუმცა აღნიშნეს, რომ დღის ბოლომდე კომპანია “ლოვას” წერილს გაასაჯაროებენ, რომელიც შესყიდვას მეტ სიცხადეს მოჰფენს.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კომპანია “ლოვას-გან” მიღებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია ადასტურებს, რომ ფეხსაცმელები ნამდვილად მათ ქარხანაში არის შეკერილი, სადაც ყოველდღიურად 10 000-ობით წყვილ ფეხსაცმელს კერავენ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილი, რომელიც მათი თქმის კომპანია “ლოვასგან” მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი