ახალი ამბები

კაცმა ძმის ცოლი მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა – პროკურატურა

5 ივნისი, 2020 • 775
კაცმა ძმის ცოლი მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც ძმის მეუღლის სასტიკ მკვლელობაში იყო ბრალდებული.

გამოძიების თანახმად, 2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში, კაცმა ძმის მეუღლეს, მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კაცმა გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8 710 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა პირი 2019 წლის 8 სექტებერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 187-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი