ახალი ამბები

10 წელზე გადანაწილების მიუხედავად, სამებამ დავალიანება არ გადაიხადა – თბილისი ენერჯი

5 ივნისი, 2020 •
10 წელზე გადანაწილების მიუხედავად, სამებამ დავალიანება არ გადაიხადა – თბილისი ენერჯი

“თბილისი ენერჯი” ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამების ტაძარს სამწლიანი დავალიანება აქვს, რომელიც, ჯამში, 256 652 ლარს შეადგენს.

გაზგამანაწილებელი კომპანიის ცნობითვე, 2020 წლის თებერვალში დავალიანების ათ წელზე გადანაწილება შესთავაზეს, თუმცა  გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტაძარს არც მიმდინარე გადასახადი და არც გადანაწილებული ყოველთვიური თანხა არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე, 23 აპრილს “თბილისი ენერჯიმ” სამების ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

“სამების ტაძარს, დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი. ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან  რეაგირება არც ერთხელ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და  227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ.  ამის მიუხედავად ,  გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს.  ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს  სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.  რაც შეეხება სხვა ტაძრებს – მათ დიდ უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები”,-აცხადებენ კომპანიაში.

სამების ტაძარს გაზის მიწოდება რომ შეუწყვიტეს, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა. ტელეკომპანიასთან საუბარისას სასულიერო პირი იოანე მჭედლიშვილმა განმარტა, რომ 3 წლის განმავლობაში ტაძარს დავალიანება, დაახლოებით 250 ათასი ლარი დაუგროვდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გაზის მიმზოდებელი კომპანია მათ შეღავათს უკეთებდა:

“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანება გვქონდა და ჩაჭრეს. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გროვდება ეს თანხა. ჩვენ კომპანიის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ძალიან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი