ახალი ამბები

მინისტრთან ღია წერილებით ურთიერთობა არ მიმაჩნია კორექტულად საქმისთვის – ტიკარაძე

4 ივნისი, 2020 • 1060
მინისტრთან ღია წერილებით ურთიერთობა არ მიმაჩნია კორექტულად საქმისთვის – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ითხოვა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გადავადება და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის გამიჯვნა პოლიტიკური მანევრებისგან. ტიკარაძე აცხადებს, რომ ინტენსიური სამუშაო რეჟიმის ფორმატში შედეგი “გაცილებით უკეთ მიიღწევა, ვიდრე პოლიტიკური შოუების მოწყობის შემთხვევაში”.

“ჩვენ ვატარებთ გარკვეულ სამუშაოებს, რომლის შედეგებსაც ველოდებით შემდეგ კვირაში და იმის მომდევნო კვირაში და ჩემთვის მნიშვნელოვანია არა დესტრუქციული, არამედ საქმეზე ორიენტირებული საუბარი. როდესაც მივალ საკანონმდებლო ორგანოში, ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება, მქონდეს კითხვებზე ის პასუხები, რომლის მოლოდინიც არის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მქონოდა პერიოდი მოსამზადებლად, როდესაც შემეძლება საკანონმდებლო ორგანოში მივიდე გარკვეული შედეგებით. ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჯანდაცვის და სამედიცინო სექტორის, ამ შემთხვევაში ექიმების გამიჯვნა გარკვეული პოლიტკური მანევრებისგან, სპეკულაციებისგან, ვინაიდან ღია წერილებით მინისტრთან ურთიერთობა არ მიმაჩნია კორექტულად არა ჩემ მიმართ, არამედ საქმის მიმართ”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა სექტორის ექიმებთან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც მისი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი დეპარტამენტის მხრიდან. თვლის, რომ ინტენსიური სამუშაო რეჟიმის ფორმატში გაცილებით უკეთ მიიღწევა შედეგი, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური შოუების მოწყობის შემთხვევაში.

“ჩემთვის მნიშვნელვანია, მოხდეს ჯანდაცვის სექტორის, ექიმების გამიჯვნა იმ პოლიტიკური სპეკულაციებისგან, რომელიც დღესდღეობით სახეზე გვაქვს”, – დასძინა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. დეპუტატის აზრით, როგორც ჩანს, ეკატერინე ტიკარაძეს კომპეტენციის პრობლემა აქვს, სხვაგვარად გაუგებარია, რატომ არ მიდის მინისტრი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

“არ ვიცი, ბატონი ლევანი როგორ იცნობს ჩემს კომპეტენციას და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიდავოთ, თუმცა შეიძლება მისთვის ჩემი კომპეტენცია არ იყოს საკმარისი და ამ საკითხზე შეიძლება არც კი ვიდავოთ, მაგრამ საქმის მიმართ პასუხისმგებლობა ნამდვილად არ მაკლია და ამასთან დაკავშირებით გაცილებით თამამად შეგვიძლია ვიკამათოთ”, – თქვა საპასუხოდ ეკატერინე ტიკარაძემ.


ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა. ეკატერინე ტიკარაძეს ოთხ საკითხზე მოუწევდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორისაა 520-ე დადგენილება,  Covid-19-ის ეპიდსიტუაციის საპროგნოზის სცენარები, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით და სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხი.

გუშინ დიმიტრი ხუნდაძისთვის მიწერილ წერილში ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა.

პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის თანხმად, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი