ახალი ამბები

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნებში შეიყვანს – საგარეო

3 ივნისი, 2020 • 1081
ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნებში შეიყვანს – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. უკვე გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ჩეხეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით, ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით, ტურისტების მასპინძლობა.

“ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად და გაიხსნას ტურისტებისთვის. მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ, ჩეხ კოლეგასთან, ასევე, ისრაელის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად. მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან და მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის. ასევე მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ველოდებით ოფიციალურად დადასტურებას თარიღის შესახებ. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება ივნისის მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

“ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში”, – განაცხადა, თავის მხრივ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომას პეტრიჩეკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი