ახალი ამბები

ყვავები იცავენ ბახალებს, რომლებიც ამ პერიოდში ფრენას სწავლობენ – გურიელიძე

3 ივნისი, 2020 • 2639
ყვავები იცავენ ბახალებს, რომლებიც ამ პერიოდში ფრენას სწავლობენ – გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი არის პერიოდი, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ, რითიც აიხსნება ყვავების აგრესიულობა.

გურიელიძის განმარტებით, ამ პერიოდში ადამიანები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ:

“ახლა არის პერიოდი, როდესაც ბარტყები იწყებენ ფრენას. ზოგჯერ ეს მცდელობა წარუმატებელია და ისინი ვარდებიან. სწორედ ამ დროს ყვავები იცავენ მათ და თუ ვინმე მოხვდა მათთან მახლობლად, შესაძლოა მათ თავს დაესხას ყვავი”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” საუბრისას გურიელიძემ.

მისი თქმით, ყვავები განსაკუთრებულად სოციალური ფრინველები არიან და ძალიან განიცდიან ამ პროცესს.

“როცა დავინახავთ, რომ ყვავები ახლოს არიან და ნერვიულობენ, ჩხავიან ხოლმე ხშირად, უნდა მოვერიდოთ. მაგრამ თუ მაინც მოხდა თავდასხმა, ამ დროს თავი რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ, რაც შეიძლება დაბლა დავხაროთ [თავი] და ხელები ავიფაროთ”, – განმარტა გურიელიძემ.

გუშინ თბილისში, საბურთალოზე ყვავი 5 ადამიანს დაესხა თავს. მათ მცირე დაზიანებები მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი