ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო, პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.
უსინათლო და მარტოხელა ქალი, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვეუბნება, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან დისკომფორტი შეუქმნას. თუმცა, 100 ლარი მისთვის მნიშვნელოვანი თანხაა და თვლის, რომ მან ეს 100 ლარი ბიუროკრატიის გამო დაკარგა.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დახმარების მიღების ინსტრუქციში, რომელიც არეგულირებს შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემის წესს, წერია: “მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ამ პირების სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს”.
მთავრობის ინსტრუქციაში არაფერი წერია სხვა წესების შესახებ, რაც ასაკით პენსიონერ შშმ პირებს ეხება. თუმცა, სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი, ნოდარ ფუტკარაძე გვეუბნება, რომ მთავრობის დებულებისმიხედვით, თუ ადამიანი ასაკის პენსიას იღებს და ამავე დროს არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, საჭიროა დამატებით განცხადების შევსება და წარდგენა სოც. სააგენტოში, ასევე სამედიცინო შემოწმების აქტის ამონაწერი/პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
“ვინც ასაკით პენსიონერი არ იყო, მაგრამ ჰქონდათ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, იმათ ავტომატურად ჩაერიცხათ, მათთვის განცხადებები საჭირო არ არის, მაგრამ ვინც ასაკით პენსიონერია, ისინი უნდა გამოცხადდნენ, შეავსონ განაცხადი, წარადგინონ პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიცემა, როცა მოვლენ განცხადების შემოტანისთვის, იმის მომდევნო თვიდან. ეს წერია დადგენილებაში”, – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.
70 წლამდე ასაკის შშმ ქალი ამბობს, რომ ის სათანადოდ ინფორმირებული არ იყო ამ კონკრეტული ბიუროკრატიული დეტალის შესახებ. ის ელოდა, რომ 100 ლარიანი კომპენსაცია პენსიასთან ერთად ჩაერიცხებოდა. “რომ არ ჩაირიცხა, მივედი [სააგენტოში], მაგრამ ვადა გასულიაო. იქამდე კარანტინი იყო, გამყოლი არავინ მყავდა”, – ამბობს პენსიონერი.
სააგენტოში ამბობენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა ტელევიზიითაც და წინა თვის გაცდენილ დახმარებას ახლა ვერ გასცემენ. “საერთოდ ყველაფერი განცხადების შემოტანის თვის მომდევნო თვიდან ინიშნება და თუ განცხადება შემოიტანა ივნისში, დახმარება მიეცემა პირველი ივლისიდან, თუ მაისში ივნისიდან, მომდევნო თვიდან…” – გვითხრეს სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსინათლო ქალი მარტოხელაა, მას ზოგჯერ ნათესავები აკითხავენ და ეხმარებიან საჭმლის მომზადებასა თუ სხვა საქმეებში. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და რამდენიმე წელია სარგებლობს შშმ პირების ასისტენტის სერვისით, რომელსაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პროგრამაა. ასისტენტის მოვალეობაში შედის უსინათლო ბენეფიციარის გაცილება და თანხლება კვირაში რამდენჯერმე, როცა ამას უშუალოდ ბენეფიციარი სთხოვს.
“კარანტინის პერიოდში არავინ მუშაობდა, მე მარტოხელა ვარ. არავინ მყავდა, რომ გამყოლოდა, ჩემით არ შემიძლია… რატომ უნდა წამართვან ის, რაც მეკუთვნის, იმის გამო, რომ დროულად ვერ გავიგე და ვერ მივედი, ან რად უნდოდა ჩემი მისვლა მე იქ ბაზაში ხომ ვარ იმ კატეგორიაში… ამაზე მწყდება გული”, – ამბობს პენსიონერი.
უსინათლო პენსიონერი ამბობს, რომ მასთან არავის დაურეკავს და შეტყობინება რომც მიეღო, მის წაკითხვას ვერ მოახერხებდა – “ტელევიზორში რომ თქვეს დახმარებაზე გავიგე, მაგრამ იქ თქვეს რომ პენსიაზე ჩაირიცხებოდა, არ უნდა დაერეკათ განცხადების შევსებაა საჭიროო? ჩემი ნომერი აქვთ”. სოციალურ სააგენტოში კი ამბობენ რომ შშმ პირების ცალკეულად ინფორმირებისთვის, დამატებით სერვისი არ არსებობს – “ეს ინფორმაცია გადაიცემოდა ტელევიზიითაც, რადიოთიც… გამოქვეყნება ნიშნავს რომ გასაჯაროვდა”.