ახალი ამბები

რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუსი დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებს

3 ივნისი, 2020 • 2188
რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუსი დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებს

გამოძიების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაიწყო, დავით ქაცარავას მოწმის სტატუსით იბარებენ.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დავით ქაცარავას თქმით, უწყებაშიი დავით გარეჯის საქმეზეა დაბარებული:

“როდესაც ვიკითხე საუბრისას, რასთან დაკავშირებით მიბარებენ,  მითხრეს, რომ გარეჯთან დაკავშირებით უნდა დაგკითხოთ და მეტი, სამწუხაროდ, არაფერი უთქვამთ. თუმცა ძალიან უცნაურია დღეს გარეჯზე ჩემი დაკითხვა, ვინაიდან რაც კი მოხდა ბოლო ერთი წლის გნამავლობაში, ალბათ, გამოძიებულიც უნდა ყოფილიყო და დასრულებულიც.

ჩვენი მხირდან არანაირ დესტრუქციაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენი პოზიცია იყო ყოვლეთვის კონსტრუქციული, პრინციპული და სამართლიანი. ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობოდით იმ დოკუმენტაციას, რომელიც გვაძლევს უფლებას ვისაუბროთ იმაზე, რომ დელიმიტაციის კომისია როგორც მუშაობს, არის ანტისახელმწიფოებრივი”, – ამბობს ქაცარავა “ფორმულასთან”.

ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ფარგლებში:

“ჩვენ ხელისუფლებისთვის მიუღებელი ორგანიზაცია ვართ. ვგულისხმობ ანტისაოკუპაციო მოძრაობას, რომელიც ბოლო სამი წლის მანძილზე ყოველდღიურად იმყოფება საოკუპაციო ხაზთან. ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად გვაგრძნობინა, რომ ჩვენ ხელს ვუშლით რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკის გატარებაში, რომლის შედეგადაც ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს.

შესაბამისად, არ მიკვირს სუს-ში დაბარება და ვფიქრობ, გარეჯის თემა მიზეზია, რომ დამიბარონ და შემდეგ შეიძლება უკვე ანტისაოკუპაციო თემატიკასაც შევეხოთ”, – ამბობს ქაცარავა “ფორმულასთან”.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, რა შემთხვევებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 142 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი