ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილებს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია

3 ივნისი, 2020 • 2608
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილებს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ცამეტი პაციენტიდან ერთი საშუალო რგოლის სამედიცინო პერსონალი იყო.

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა შემოდგომაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა, ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს და იმ ღონისძიებების ნუსხა ჩამოთვალა, რისი გატარებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია:

“ჯანდაცვის სამინისტროში ვიმსჯელეთ ამ 3-4 თვის გნამავლობაში, სექტემბრის ჩათვლით, რა უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის უკეთ მზადყოფნასთან დაკავშირებით. ვთქვათ, პირველადი ჯანდაცვის ექიმები, მათი მუდმივი გადამზადების რეჟიმი, კარგად სწავლება, კოვიდი რა არის. ყველაფერი, რაც კოვიდთან არის დაკავშირებული გრიპისა და ბევრი სხვა დაავადების დროს გამოგვადგება. ეს ზაფხული ამ თვალსაზრისით უნდა იქნას გამოყენებული.

ასევე, მარაგების უწყვეტობა და ინფექციის კონტროლის უკეთესად დაცვის მექანიზმების შექმნა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. იცით, ჩვენ დაახლოებით 13 პროცენდამტე სამედიცინო პერსონალი დაგვიინფიცირდა. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, ევროპაში იყო 20-21 პროცენტიც. ეს ხალხი პირველ ხაზზეა და მათ შორის, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებაც ხდება. ჩვენც გვქონდა ერთი საშუალო სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა. ამიტომ მუდმივი გადამზადება, მუდმივი სწავლება” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრვი მაუწყებლის ეთერში.

3 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა მე-13 ადამიანი — 76 წლის პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 800 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი