ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინდა COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვს – ტოროსიანი

3 ივნისი, 2020 • 2074
სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინდა COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვს – ტოროსიანი

სომხეთში კავასაკის სინდრომი დაუდგინეს 4 წლის ბავშვს, რომელიც ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, არსენ ტოროსიანზე დაყრდნობით ავრცელებს. COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვებში ეს იშვიათი სინდრომი მანამდე სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.

“სამწუხაროდ, გვაქვს კავასაკის სინდრომის შემთხვევა 4 წლის ბავშვში, რომელსაც ასიმპტომური კორონავირუსი აქვს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება ბავშვთა რიცხვი, რომელთაც კავასაკის სინდრომის დიაგნოზს უსვამენ, ზოგიერთი მკვლევარი კი აღნიშნულს COVID-19-ის პანდემიასთან აკავშირებს”, – წერს ტოროსიანი “ფეისბუქზე”.

მინისტრის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ გაითვალისწინა საერთაშორისო სტატისტიკა და კავასაკის სამკურნალო პრეპარატების მარაგი შეიძინა.

“ვიმედოვნებ, ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება და მოვუწოდებ დიდებსა თუ ბავშვებს, მკაცრად დაიცვან კორონავირუსის საწინააღმდეგო წესები, ყოველთვის ატარონ ნიღბები და დაიბანონ ხელები”, – აღნიშნავს მინისტრი.

ბოლო თვეების მანძილზე ბავშვების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა იშვიათი სინდრომით ავადდება ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალებულად მიიჩნევა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო. მათ შორის არის ლომბარდიის რეგიონი იტალიაში და ნიუ-იორკი აშშ-ში. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები, რომლებსაც ხსენებულ დიაგნოზს უსვამენ, ასევე ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით.

Reuters-ის ცნობით, სინდრომის სიმპტომები ემთხვევა ტოქსიკური შოკის და კავასაკის დაავადების სიმპტომებს — ტემპერატურას, გამონაყარს, გლანდების გადიდებასა და რთულ შემთხვევებში, გულის არტერიების ანთებას. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ჯერჯერობით ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა სინდრომი კავშირში ახალ კორონავირუსთან, რადგანაც ყველა ბავშვს, ვისაც სინდრომი დაუდგინდა, ვირუსზე პოზიტიური ტესტი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი