ახალი ამბები

პოლიტიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა გზა გვაქვს, დანარჩენი არის ჭორი – ვაშაძე ჩხარტიშვილზე

2 ივნისი, 2020 •
პოლიტიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა გზა გვაქვს, დანარჩენი არის ჭორი – ვაშაძე ჩხარტიშვილზე

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან მხოლოდ საერთო სანათესაო აკავშირებს.

ვაშაძის თქმით, ჩხარტიშვილთან მხოლოდ ნათესავების შეკრების შემთხვევაში უწევს ხოლმე ფორმალური შეხვედრა. ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, “ღამის აქცენტებში” საუბრისას ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის მეუღლის ნათესავია.

“საერთო სანათესაო გვყავს და, რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც შევხვედრილვართ, იქნება ეს გასვენება… ჩვეულებრივი გამარჯობა, კარგად ბრძანდებოდეთ, მორჩა და დამთავრდა. ეს არის ქართული ტრადიცია. მე საერთოდ კონფლიქტს ვერ ვხედავ ოჯახსა და ჩემს საჯარო აქტივობას შორის. არ ყოფილა ამ პერიოდში არცერთი შემთხვევა, რომ ვანო ჩხარტიშვილიდან გამომდინარე რაიმე მოდავება ჩემს ქმედებაში ვინმეს ჰქონოდა. ეს არის ჭორიკნობა. ფაქტი არავის არ უჭირავს ხელში და ვერც ეჭირება იმიტომ, რომ გულწრფელად ჩემს ქვეყანას ვემსახურები”, – განაცხადა ვაშაძემ.

კვესიტაძემ ვაშაძეს სთხოვა, პოლიტიკურად შეეფასებინა ვანო ჩხარტიშვილი, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ ჩხარტიშვილი პოლიტიკაში როგორც პოლიტიკოსი არ არის და მათ სრულიად განსხვავებული გზები აქვთ.

“დეტალებს მე ნამდვილად არ ვიცნობ გარდა იმისა, რაც თქვენ გსმენიათ ვანო ჩხარტიშვილის ფიგურასთან დაკავშირებით, ნამდვილად მე მეტ შინაარსს არ ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკაში, ის პოლიტიკაში არ არის როგორც პოლიტიკოსი. შეიძლება რაღაცაში მონაწილეობს, რაღაც არის. ივანიშვილმა ისაუბრა მასთან დაკავშირებით. არის იმ გუნდის წევრი, მორჩა, დამთავრდა. პოლიტიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა გზა  და აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულება გვაქვს ორივეს. დამთავრდა. ეს ასე იყო 2012 წლამდე, ეს ასე არის 2012 წლის მერეც. ვერც ერთი ადამიანი ჩემს გადადგმულ ნაბიჯებში ვერ ნახავს ვერანაირ კვალს მასთან კავშირის”, – უპასუხა ვაშაძემ კვესიტაძის კითხვას.

კვესიტაძემ ვაშაძეს ასევე ჰკითხა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური თავმჯდომარეების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც კვესიტაძის თქმით, ჩხარტიშვილის სახლში გაიმართა, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ ეს სახლი ეკუთვნის მის მეუღლეს, რომელიც სწორედ იქ გაიზარდა:

“ეს არის ჩემი მეუღლის სახლი. ჩემი მეუღლე ბაბუასთან არის გაზრდილი ოზურგეთში, სადაც ჩემი ბავშვები და მეუღლე იყვნენ და იქიდან დავდიოდი დასავლეთ საქართველოში და აქ იყვნენ მოსულები და მე ვთხოვე შეხვედრა.

არსებობს რაღაც ზღვარი და ეს არ უნდა გადავლახოთ არავინ. ჩემს ოჯახს ნუ შეეხებით, ძალიან გთხოვთ. მეუღლესთან და ოჯახთან ერთად ვიყავი, ბაბუამისი იქ ცხოვრობდა და ჩემი მეუღლის სოფელია ის და იქ იყო, იქ არის გაზრდილი, თუ გინდათ, ჩადით და ნახეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი