ახალი ამბები

ჩინეთი WHO-ს დაგვიანებით აწვდიდა ინფორმაციას — AP

2 ივნისი, 2020 •
ჩინეთი WHO-ს დაგვიანებით აწვდიდა ინფორმაციას — AP

სააგენტო Associated Press-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები იანვარში უკმაყოფილონი იყვნენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას დროულად არ აწვდიდა. ამავე პერიოდში ორგანიზაცია აქტიურად აქებდა ჩინეთს „გამჭვირვალობისთვისა“ და „ინფორმაციის დროული მიწოდებისთვის“.

AP-ის მასალის თანახმად, ორგანიზაციის თანამშრომლები პირად შეხვედრებში ჩინეთის მიერ WHO-სთან თანამშრომლობით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

„ვიღებთ ძალიან მინიმალურ ინფორმაციას. ნათელია, რომ არაა საკმარისი, ყველაფერი წესიერად რომ დაგეგმო“, — ციტირებს სააგენტო ამერიკელ ეპიდემიოლოგ მარია ვან კერკჰოუვს.

„ამჟამად ვართ ეტაპზე, როცა [ინფორმაციას] გვაძლევენ 15 წუთით ადრე, სანამ ის CCTV-ზე [ჩინეთის სახელმწიფო ცენტრალური ტელევიზია] გავა“, — განაცხადა სააგენტოს ცნობით WHO-ს მთავარმა წარმომადგენელმა ჩინეთში გაუდენ გალეამ.

იანვრის კვირაში ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაიკლ რაიანმა კოლეგებს უთხრა, რომ დრო იყო, ინფორმაციის მისაღებად ჩინეთზე მეტი ზეწოლა მოეხდინათ.

გარდა ამისა, როგორც AP წერს, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის გენომი მისი მიღებიდან ერთ კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ გადასცა.


იმის შესახებ, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული ცნობები დამალა, აცხადებენ აშშ-ში — პრეზიდენტი ტრამპი და სახელმწიფო მდივანი პომპეო. მათივე თქმით, აქვთ დაზვერვის მიერ მიწოდებული მტკიცებულება, რომ ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან წამოვიდა.

კრიტიკის ობიექტია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც — კრიტიკოსების თქმით, მათ ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში შეუწყვეს ხელი.

იმის შესახებ, თუ როგორი იყო ჩინეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვების ქმედებები და განცხადებები კორონავირუსის გამოჩენის პირველ და შემდგომ ეტაპზებზე, იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა:

როგორ დაიწყო და ვინ რას ამბობდა კორონავირუსის აფეთქებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი