ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლების დაკარგული შემოსავალი – შეზღუდვების ეფექტი

2 ივნისი, 2020 • 1917
მიკროავტობუსის მძღოლების დაკარგული შემოსავალი – შეზღუდვების ეფექტი

ორ თვეზე მეტი იძულებითი პაუზის შემდეგ, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, მუშაობა მიკროავტობუსებმაც განაახლეს. მიკროავოტბუსის მძღოლები ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული და, შესაბამისად, ახალი გამოწვევისა და შემოსავლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ – როგორც ისინი ამბობენ, დაწესებული შეზღუდვებისა და მგზავრების შემცირებული რაოდენობის გამო ისინი ყოველდღიური ხარჯების დასაფარად საჭირო თანხის მოგროვებასაც კი ვერ ახერხებენ.

მათგან განსხვავებით, ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ მეტროს მემანქანეებსა და ავტობუსის მძღოლებს, რადგან ისინი მოჭრილს ხელფასს იღებენ. მგზავრების გადაადგილებისას დაწესებულია შეზღუდვები, რომელიც სამივე სახის საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებისთვის საერთოა, გარდა მიკროავტობუსებისა, სადაც ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად, მგზავრობისას ფეხზე დადგომაა აკრძალული.

მიკროავტობუსის მძღოლები გამომუშავებით მუშაობენ – მგზავრებისგან მიღებული ფულით მათ უნდა იყიდონ საჭირო საწვავი, ტექნიკური მომსახურება გაუწიონ ავტომობილს (ზეთის, ფილტრისა და ცვეთადი ნაწილების გამოცვლა).

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ყველა სხვა ხარჯთან ერთად, მათ ყოველდღიურ ხარჯს ემატებოდა მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიისთვის მისაცემი დღიური თანხა, რომელიც სამარშრუტო ხაზების მიხედვით 50-დან 110 ლარამდე მერყეობდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მძღოლებს ყოველდღიური სავალდებულო შენატანი დროებით შეუჩერეს.

მიუხედავად ამ შეღავათისა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ 29 მაისის შემდეგ გარკვეულ დღეებში საწვავისთვის საკმარისი თანხის გამომუშავება ვერ შეძლეს და აღნიშნული ფულის გადახდა საკუთარი დანაზოგიდან მოუწიათ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრთა რაოდენობა არ გაიზარდა, ისინი ვერ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

“ამ ვითარებაში 50 ლარის საწვავი მაინც გვჭირდება ყოველდღიურად, ამას ვერ ვქაჩავთ და ვერ ვიღებთ, არ არის მგზავრი. ვერც გაჩერებებზე ვერ ვიყვანთ ხალხს და არც სადგურზე არ მოდის ვინმე. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება, თუ არადა, ბევრი მძღოლი ამბობს ჩემი ჩათვლით, რომ დავანებებთ თავს ამ საქმეს და წავალთ იმიტომ, რომ უკვე ვეღარ გამოვიტანთ ფულს, სახლშიც აღარ გვაქვს არაფერი”, – უთხრა ნეტგაზეთს თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსის მძღოლმა ემზარ ცოფურაშვილმა.

ცოფურაშვილის თქმით, თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილების ღირებულება 1.80 ლარია. ამ პერიოდში ის დღეში, საშუალოდ, 3 რეისის შესრულებას ახერხებს და თითოეული რეისისას მგზავრების რაოდენობა 3-დან 5 ადამიანამდე მერყეობს. ამასთან, ცოფურაშვილის განმარტებით, შეზღუდვების გათვალისწინებით, მიკროავტობუსით გადაადგილება ერთ მგზავრობაზე მაქსიმუმ 14 ადამიანს შეეძლება.

ცოფურაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია “ინტერტრანსი”, რომელიც თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მფლობელია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მძღოლებს შეღავათის სახით არ ახდევინებს ყოველდღიურად შესატან თანხას, თუმცა მისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდემდე შეძლებენ მძღოლები ყოველდღიური გეგმის შესრულების გარეშე მუშაობას.

10 დღის განმავლობაში ყოველდღიური გეგმიური გადასახადისგან თავისუფლები არიან კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული მძღოლებიც.

კომპანიის ერთ-ერთი მძღოლის, რევაზ ბოჭორიშვილის განმარტებით, ამ დღეების განმავლობაში თბილისში გადაადგილების მსურველების რაოდენობა ძალიან მცირეა, რის გამოც ის საწვავის თანხის სრულად დაფარვას ვერ ახერხებს. ამის გასასტუმრებლად ვალის დადებაც მოუწია.

“გუშინ, მაგალითად, 15 ლარი ვალი დამედო საწვავის ფულის, ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიური გეგმის გადახდა არ გვიწევს. ხალხის ნაკადი რომ იყოს, კიდევ იწვალებს კაცი და გაიჭირვებს, ამოიღებს რაღაცას, მაგრამ ჯერჯერობით, სიტუაციაა არ ვარგა. გარდა ამისა, ყოველთვიური ხარჯიც ხომ არის? ზეთი, ფილტრები… საბოლოოდ, დიდი ხარჯებია”, – განმარტა ბოჭორიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, დედაქალაქში გადაადგილებისას მას ერთი რეისის შესრულებისას 16 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მგზავრობის ღირებულება 0.80 ლარია. დღის განმავლობაში კი, საშუალოდ, 6-7 რეისს აკეთებს. ბოჭორიშვილის განმარტებით, პანდემიამდე სამარშრუტო ტაქსები დღის განმავლობაში თითქმის ყოველთვის სავსე იყო. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო მგზავრებისთვის ფეხზე დადგომაც, თუმცა მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, მის მიკროავტობუსში ხშირ შემთხვევაში ბევრი თავისუფალი ადგილი რჩება.

“ნეტგაზეთი” მიკროავტობუსების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით “ინტერნტრანსსა” და “თბილისის მიკროავტობუსს” დაუკავშირდა. “ინტერტრანსის” დირექტორის, სანდრო ჯაფარიძის თქმით, ამ დროისთვის კომპანია ხალხის ნაკადის მატებას ელოდება, მანამდე კი მძღოლებისთვის გადასახადების დაწესებისგან თავს იკავებს.

“ერთი-ორი კვირა დაველოდებით, ახლა ძალიან შეზღუდულია ხალხის გადაადგილება თბილისი-რუსთავის რეისზე, ეს განაპირობებს იმას, რომ ამ დღეებში მძღოლები საწვავის ხარჯებსაც ვერ ისტუმრებენ. კიდევ რომ გეგმა დავუწესოთ, ეს გამორიცხულია. გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლები კომპანიის მანქანებს იყენებენ, შესაძლოა, მხოლოდ ცვეთის ხარჯი დავაკისროთ გადასახდელად.

რაც შეეხება გეგმურ გადასახადს, ამ ეტაპზე ველოდებით, როგორი ვთარება იქნება მომავალში. ვვარაუდობთ, რომ ხალხის ნაკადი ამ რეისზე მოიმატებს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან რაიმე სახის დახმარების მიღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ნაკადმა არ მოიმატა, “ინტერტრანსი” ადგილობრივ თვითმართველობასთან საუბარსაც გეგმავს:

“ამ ეტაპზე არავითარ სუბსიდიას არ ველოდებით, ჯერ ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ყოფილა, თუ დარჩება ისე, რომ ხალხის ნაკადმა არ მოიმატა, მაშინ ჩვენ გვექნება ადგილობრივ თვითმართველობასთან სალაპარაკო, თუ როგორ წარმოგვიდგენია შემდგომში რუსთავისა და თბილისის მოსახლოების გადაყვანა”, – განმარტა ჯაფარიძემ.

სახელმწიფოს მხრიდან დახმარებებზე საუბარი არ ყოფილა არც “თბილისის მიკროავტობუსშიც”. კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ამ დროისთვის მგზავრთა ნაკადს ითვლიან, რის შემდეგაც დაიწყებენ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი