თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის სამართლებრივ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა. ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურამ დაუდასტურა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმე ეხება თორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრის, თამარ თორაძის დაკითხვას. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ქალი აშშ-ის მოქალაქეა, მისი დაკითხვისთივს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
უწყებაში ასევე გვეუბნებიან, რომ ამ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ღია წერილი თავად თამარ თორაძემ გაავრცელა.
14 მაისს თამარ თორაძემ ფეისბუკზე გაავრცელა ღია წერილი, სადაც სენატორ ჯიმ რიშს მიმართა. ამ ღია წერილში ის ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს თორაძეების მკვლელობის საქმე. ამავე წერილში მისი ძმების მკვლელობაში ბრალს გიორგი რურუას სდებს.
რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება უშინაარსოა, ვინაიდან მასში არცერთი გარემოება, მათ შორის, არცერთი პირის სახელი და გვარი მოხსენიებული არ არის. საძაგლიშვილი ამბობს, რომ არც მას და არც გიორგი რურუას პროკურატურა ამ საკითხზე არ დაკავშირებია.
სწორედ ამიტომ, საძაგლიშვილი ამბობს, რომ ვრცელი კომენტარის გაკეთება ამის შესახებ უჭირს.
„სიმართლე რომ გითხრათ, მგონია, რომ ხელისუფლება ერთნაირი წარმატებით იყენებს „ტროლების ფაბრიკა/ქარხნებსა“ და პროკურატურას, ბინძური კამპანიის ასაგორებლად. ამ შემთხვევაში ეს ბინძური კამპანია აგორებულია გიორგი რურუას წინააღმდეგ იმიტომ, რომ აშკარაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეალურად, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და ის არის პოლიტპატიმარი. მათ უნდათ, რომ ამ მოგონილი ჭორების საფუძველზე განწყობა შექმნან, თითქოს ის ცუდი ადამიანია. პროკურატურა არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ჭანჭიკი“, – ამბობს საძაგლიშვილი.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს