ახალი ამბები

თალაკვაძემ კომიტეტებს უსაფრთხოების ახალი ზომების და ჯარიმების განსაზღვრა დაავალა

1 ივნისი, 2020 • 1076
თალაკვაძემ კომიტეტებს უსაფრთხოების ახალი ზომების და ჯარიმების განსაზღვრა დაავალა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებს დაავალა, შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების დარღვევასთან დაკავშირებით განისაზღვრება ჯარიმების ისეთი ოდენობები, რომლის “ადმინისტრირება ხელს შეუწყობს წესების შესრულებას, მაგრამ სოციალური პრობლემების წინაშე არ დააყენებს მოქალაქეებს”.

თალაკვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, ჯარიმების რაოდენობა ხელახლა განისაზღვროს.

“ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რომ მოქალაქეები არ იცავენ წესებს.  მინდა, ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას.

საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა და ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დამატებით სოციალურ პრობლემებს.

თალაკვაძემ მაგალითად მოიყვანა ამირან გამყრელიძის განცხადება, რომ პარკებში თანამოქალაქეების უმრავლესობა პირბადეს იყენებს.

“ინდივიდუალურ დაცვის საშუალებები, პირბადე დღეს ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ შეზღუდვები მოხსნა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები დაეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს  და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება პირბადის სავალდებულო ტარება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება თუ არა და რა შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი