ახალი ამბები

რა პრობლემებით ხვდება საქართველო ბავშვთა დაცვის დღეს – ინტერვიუ UNICEF-ის წარმომადგენელთან

1 ივნისი, 2020 • 1358
რა პრობლემებით ხვდება საქართველო ბავშვთა დაცვის დღეს – ინტერვიუ UNICEF-ის წარმომადგენელთან

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. როგორ ხვდება ამ დღეს საქართველო, სად იკვეთება განსაკუთრებით მწვავე პრობლემები და რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის? ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” “გაეროს ბავშვთა ფონდის”(UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს ესაუბრა. 

ზოგადი სურათის მიმოხილვით რომ დავიწყოთ, რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან საქართველოში მცხოვრები ბავშვები ყოველდღიურად და როგორ აისახა პანდემიის კრიზისი ამ ვითარებაზე?

საქართველომ მოახდინა ბავშვთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ასევე, გასულ წელს ქვეყანამ მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც არის ძალიან ძლიერი დოკუმენტი და ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრიდან.

რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვები საქართველოში? პირველ რიგში, კვლავ დგას დღის წესრიგში ბავშვთა სიღარიბე. ეს ის პრობლემაა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ აღმოიფხვრება. ამ კუთხით გასულ წლებში წინსვლა ვიხილეთ, თუმცა COVID-19-მა გავლენა მოახდინა ამ ვითარებაზე. “გაეროს ბავშვთა ფონდი” დაეხმარება მთავრობას COVID-19-ის ნეგატიური გავლენების გაგებაში. ჩვენ ასევე დავეხმარებით  მათ ვირუსთან დაკავშირებულ მოწყვლადობათა შესაფასებლად და მხარს დავუჭერთ კვლევას, სახელწოდებით “მონიტორინგი რეალურ დროში”, ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.

2019 წლის დასაწყისში, UNICEF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ ბავშვის დანამატი 10-დან 15 ლარამდე გაზარდა. ორგანიზაცია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და დადებითად შეაფასა ის, თუმცა ფონდი ასევე უწყობს ხელს მთავრობას, გააფართოოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა(TSA) იმ ოჯახების დასაფარად, რომლებიც ამჟამად პროგრამაში არ შედიან. ამასთან, ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ კორონავირუსმა გლობალურად, ყველგან შეცვალა სოციალური რეალობა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა ხდება რეალურად. UNICEF ჩვეულებრივ დაუჭერს მხარს მთავრობას, საჭირო ზომები რომ მიიღოს.

სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებად განიხილავს 3 და მეტშვილიან ოჯახებს. ეს მიდგომა აისახა ანტიკრიზისულ გეგმაშიც. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით გადასახედია პოლიტიკა?

UNICEF-ის რეკომენდაციაა, რომ დაინერგოს ბავშვთა დახმარების უნივერსალური სისტემა და ის ყველა ბავშვმა მიიღოს. თუმცა ამას შესაბამისი ბიუჯეტიც სჭირდება. მიმდინარე წელს UNICEF ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით აფასებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას. შეფასების შედეგები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროსთვის, რათა უზრუნველყოს პროგრამის ზოგიერთი ელემენტის გადასინჯვა და გარდაქმნა.

მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს პროგრამა გაფართოვდეს, რადგან ამჟამად ის არ ფარავს რიგ ოჯახებს.

როგორ შეაფასებთ ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ვითარებას? თუ არსებობს სტატისტიკა ჰიგიენის ელემენტარულ საშუალებებზე ბავშვთა ხელმისაწვდომობის კუთხით?

ალბათ იცით, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ 2018-2019 წლებში ჩაატარა ძალიან დიდი, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. კვლევამ აჩვენა, რომ არიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ წვდომა საჭირო ჰიგიენურ საშუალებებთან. ასევე არიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ წვდომა, მაგალითად, ინტერნეტთან. ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ფონდი მხარს უჭერს მთავრობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოწყვლადი ბავშვები საჭირო სერვისებს უმოკლეს დროში იღებენ. ჩვენ ვიხილეთ არაერთი ზომა, რომელიც მიიღეს, მაგალითად, განათლების სამინისტროს მიერ, რათა არსებობდეს ბავშვების ამ უფლებებით უზრუნველყოფის გარანტია. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროც მრავალ ზომას იღებს[ამ მიმართულებით]. ახლა, covid-19-ის პირობებში, ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა უწინდელზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კარგ ჰიგიენას შეუძლია, ვირუსის დიდი მასშტაბების გავრცელება აღკვეთოს.

რამდენად გამართულია ბავშვთა დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობა? სად ხედავთ ძირითად ხარვეზებს და როგორ აღმოფხვრის/თუ აღმოფხვრის მათ ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს?

ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი ძალიან ძლიერი იურიდიული ინსტრუმენტია. კარგი ისაა, რომ საქართველოს პარლამენტი ძალიან ბეჯითად მუშაობს, მომზადდა სამოქმედო გეგმა, იდენტიფიცირებულია საჭიროებები. ამ პროცესებში წვლილი ყველა სამინისტრომ და სახელმწიფო სააგენტომ შეიტანა. UNICEF მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტთან, ისევე როგორც სხვა კომიტეტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ კოდექსის ძალაში შესვლა ბავშვებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება.

საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს აღდგენითი სამართლიანობის მიმართულებით, ასევე, სხვა პროგრამებში, მაგრამ ამ ყველაფერს გაფართოება სჭირდება. ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ყოველივე ეს ხორციელდებოდეს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან ამ კუთხით. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, [ვმუშაობთ], როგორ შეიძლება მათი დაბრუნება სკოლებში.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამდეც გვქონდა, იყო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების სასკოლო განათლებით უზრუნველყოფის პრობლემა. კორონავირუსის პანდემია გვაძლევს საშუალებას, ეს ბავშვები უზრუნველვყოთ ონლაინ და დისტანციური სწავლებით. ასე რომ, ჩვენ უნდა ვნახოთ სარგებელიც პანდემიისგან. ყოველ კრიზისს შესაძლებლობები მოაქვს. UNICEF ცდილობს, სწორედ აღნიშნულს მოჰფინოს ნათელი: როგორ მივიღოთ სარგებელი შესაძლებლობებიდან,  რომლებიც ამ კრიზისმა მოიტანა.

ამჟამინდელ კანონმდებლობაში თუ ხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს?

ყველა არსებული კანონი ჰარმონიაში უნდა მოვიდეს ბავშვთა უფლებების კოდექსთან. ყოველ კანონს, რომელიც არ ესადაგება ამ კოდექსს, კოდექსი ჩაანაცვლებს. ეს არის ამ დოკუმენტის ძალა. ეს ეხება განათლების მიმართულებას, სოციალურ სერვისებს… მაგალითად, ამ დრომდე, თუ ოჯახში არის იმგვარი პრბლემა, რომ ბავშვი მისგან დროებით ჩამოცილებას საჭიროებს, ამ საკითხს წყვეტს სოციალური მუშაკი. კოდექსის თანახმად, ამას მოსამართლე გადაწყვეტს, რადგან მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უმთავრესი საკითხი, ზომა, მშობლისათვის უფლებების შეზღუვის მიმართულებით.

ასე რომ, [ახალი კოდექსის ძალით], სოციალური მუშაკი გასცემს რეკომენდაციას, თუმცა მოსამართლე იღებს [საბოლოო] გადაწყვეტილებას. ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, მათ შორის, სოციალური მუშაკის მუშაობის პროცესში. სწორედ ამიტომ ვამბობთ მასზე, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ბავშვის მიმართ სისტემის მიდგომების ტოტალურ რეფორმას.

ზემოთ განათლების დისტანციური მოდელი ახსენეთ, თუმცა ბავშვების ნაწილი სასწავლო პროცესში კვლავ ვერ მონაწილეობს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არქონის გამო. რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მასშტაბების შესამცირებლად მსგავსი კრიზისის განმეორების შემთხვევაში?

დღეს, როდესაც განათლების სამინისტროში აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის დღე, ვიმსჯელეთ ამ საკითხზეც. სამინისტრო ამ თემას ძალიან სერიოზულად უდგება. მიუხედავად ამისა, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პანდემიის კრიზისი ყველასათვის მოულოდნელია, არამხოლოდ საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ სამინისტრო მხედველობაში იღებს ამ პრობლემას.

რაში მდგომარეობს კონკრეტული გეგმები ამ კუთხით, რომლებიც განიხილეთ ამ შეხვედრაზე?

უკეთესი იქნება, თუ ამის შესახებ თავად სამინისტროს ჰკითხავთ.

გკითხავთ კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება: 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში – ასეთია კვლევის შედეგები, რომლებიც საქართველოში ჩატარდა ჯანმოს ორგანიზებით. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ კუთხით? თუ არსებობს შესაბამისი სერვისები და სად ხედავთ ხარვეზებს? 

გასულ კვირას პარლამენტმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და UNICEF-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორიენტირებულია სერვისების მიწოდებაზე აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკზე დამოკიდებული მოზარდებისა და სხვა ადამიანებისათვის. ჩვენ ახლა ვმუშაობთ საბოლოო, პრაქტიკულ ნაბიჯებზე. ეს იქნება დამატებითი სერვისი, მიბმული 111-ზე, რომელიც წარმოადგენს ცხელ ხაზს ბავშვთა უფლებების დაცვისათვის.

ისაუბრეთ თანამშრომლობაზე სახელმწიფოსთან. რომ მოგვიყვეთ, როგორ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო სექტორთან ბავშვთა დაცვის მიმართულებით? როგორია თქვენი გამოცდილება?

ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, თუმცა ასევე ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან. არაერთი შეთანხმება გვაქვს სამოქალაქო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან. ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობისას ფონდი მხარს უჭერდა ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც ჩართულნი იქნებოდნენ პარლამენტი, მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საპილოტე პროექტებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის, ახალგაზრდების საკითხების მიმართულებითაც. ასეთია, მაგალითად, ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის პროექტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად, აჭარაში, ხორციელდება. ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ მათთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი