ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს – ფაშინიანი

30 მაისი, 2020 •
საქართველოს დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს – ფაშინიანი

ერევანი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ასეთი აუცილებლობა არ დადგება.

“ეხო კავკაზას” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, დაწყებული პრემიერიდან, სპეციალისტებით დამთავრებული და ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენი მოძმე ერია და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო თბილს ხდის. რა თქმა უნდა, თუ იქნება აუცილებლობა, შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება. ვიმედოვნებთ, რომ რეანიმაციის განყოფილების გადატვირთვა არ მოხდება და დახმარების საჭიროება არ იქნება. მაგრამ ჩვენ – სომხეთი და საქართველო – ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ამავდროულად გაიხსენა, რომ 2019 წელს, წითელას ეპიდემიის დროს სომხეთმა საქართველოს 30 000 ვაქცინა მიაწოდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მანამდე განაცხადა, რომ NCDC თავისი კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, სომხეთს Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

„იცით, რომ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ვართ მოძმე ერი, ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სომხეთის დაავადების ეროვნულ ცენტრთან, გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა, ან როცა მათ ჩვენგან სჭირდებოდა, იგივე დახმარება იყო c ჰეპატიტის წამლებთან 2 თუ 3 წლის წინ. თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, ჩვენ, 2 და 3 ადამიანი ამას ვერ გადავწყვეტთ… თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია,  იმავე ტესტირებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაუგებრობა, რომელზეც გამყრელიძე საუბრობს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას შეეხება. სომხური მედიასაშუალების, arminfo.am-ის ინფორმაციით, არსენ ტოროსიანმა, საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელების შესახებ საუბრისისას, ეჭვი შეიტანა საქართველოში კორონავირუსზე ტესტების სიზუსტეში და ასევე, განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ პირებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ამასთან, ტოროსიანმა აღნიშნა, რომ სომხური ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია ვიდრე ქართული.

ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

მასალების გადაბეჭდვის წესი